25 ოქტომბერი 2020,   13:12
ვრცლად
ტყეები ეკლესიებს - ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებში წინასაარჩევნო მზადებას ხედავს 

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეკლესიას ტაძრების ირგვლივ არსებული 20 ჰექტარი ტყის მასივი გადაეცემა, პარლამენტმა დღეს განიხილა. 

79 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ასეთია კანონის მიმართ საქართველოს პარლამენტის პოზიცია, რომელიც ორი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას არ გულისხმობს. ხელისუფლების ოპონენტები კანონს არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ დამატებითი ქონებრივი პრივილეგიის მინიჭებით, ხელისუფლება საპატრიარქოს მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

მესამე სექტორი კანონს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს. ცვლილების უკან ისინიც წინასაარჩევნო მზადებას ხედავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთ გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს.

მმართველი გუნდი მესამე სექტორის და ოპოზიციის კრიტიკას ეკლესიაზე შეტევად აფასებს. "ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონმა მართლმადიდებელ ეკლესიას უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც მიანიჭა.

პროექტი რომ კანონად არ ქცეულიყო, ამას საზოგადოების ნაწილიც ითხოვდა. ინტერნეტში განთავსებულ პეტიციას ამ დროისთვის 6000-მდე მოქალაქის ხელმოწერა აქვს, თუმცა, მათი მოთხოვნა 79-მა კანონმდებელმა არ გაითვალისწინა. საზოგადოება შიშობს, რომ ტყეებში ხეების უკონტროლო გაჩეხვა დაიწყება და შესაძლოა, ამ ფართობებზე შესვლაც ვეღარ მოხერხდეს. სასულიერო პირები არ იზიარებენ მოქალაქეთა პოზიციას და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ტყის მოვლა-პატრონობას აპირებენ.

"საპატრიარქოს კაპიტალი" - ასე ჰქვია ჟურნალ "ინდიგოს" პროექტს, რომელიც საპატრიარქოს რეგისტრირებული ქონების მასშტაბს ასახავს. 5 ათასამდე დოკუმენტის გაანალიზებით ირკვევა, რომ საპატრიარქო ფლობს და განაგებს 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება. 2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 325 მილიონ ლარზე მეტი. მიწების 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.

დღის ამბები