23 სექტემბერი 2021,   01:01
ვრცლად
ფეისბუქსკანდალი არჩევნებამდე 6 თვით ადრე - ამჯერად კვალი, "ქართული ოცნების" გარდა, "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" მიდის

მორიგი ფეისბუქსკანდალი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში - არჩევნებამდე 6 თვით ადრე სოციალურ ქსელში ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელების კვალი "ქართულ ოცნებასთან" ერთად "ნაციონალურ მოძრაობამდეც" მივიდა. 

თუ მმართველ გუნდთან და კოკა ყანდიაშვილთან აფილირებული ორგანიზაცია "ეს პერსონა" ინფორმაციით მანიპულირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე 30 000 დოლარს ხარჯავდა, ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ " ამ საქმეს იმავე პერიოდში 23 800 დოლარი მოახმარა. აპრილის თვეში "ფეისბუქმა" კოორდინირებული კამპანიების 6 ქსელი გამოავლინა : რუსეთთან, ამერიკასთან, ირანთან, მიანმართან და მავრიტანიასთან ერთად სიაში მოხვდა საქართველოც.

ოპოზიციურ პარტიასთან კავშირში "ფეისბუქმა" 150 გვერდი ამხილა, 800-მდე გვერდი კი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა.

კოკა ყანდიაშვილთან ოფიციალური საქმიანი ურთიერთობა დღეს უარყვეს "ქართულ ოცნებაში." ყანდიაშვილის თქმით, მას “ქართული ოცნების” გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს და პარტიასაც ხშირად სტუმრობს. ის არ მალავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს საჯაროდ აქტიურობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

"ფეისბუქის" ახალი ანგარიში პოლიტიკური დისკუსიების საგნად კიდევ ერთხელ იქცა. "ოცნების" გარდა ყოფილი თანაგუნდელების ყალბი გვერდები გააკრიტიკა დღეს "ევროპულმა საქართველომაც," რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თავდასხმების მსხვერპლი "ოცნების" გარდა "ნაციონალური მოძრაობის" ონლაინანგარიშებიდანაც გამხდარა. ამავდროულად, პარტიაში კითხვები აქვთ  იმ თანხებთან, რომელიც მმართველმა გუნდმა ე.წ. ტროლების საქმეს მოახმარა. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მათ ტროლები და ბოტები არ სჭირდებათ.

"ფეისბუქმა" მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა  50 კოორდინირებული და მავნე ქსელი, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას საზოგადოების აზრის მანიპულირებისთვის ავრცელებს, რისი მიზანიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე თავდასხმა იყო. 2019 წლის დეკემბერში ამ სიაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში მოხვდა. წელს  პირველი შემთხვევაა, როდესაც საქმეში ოპოზიცია და კონკრეტულად, "ნაციონალურ მოძრაობაც" ამხილეს.

დღის ამბები