28 ნოემბერი 2020,   14:44
ვრცლად
ინდოეთში პოლიცია მოქალაქეებს ყოველ ერთ საათში სელფის გადაღებას სთხოვს - როგორ ებრძვის მსოფლიო ვირუსს

დღეს იტალიის ყველა ქალაქში გლოვის ნიშნად ეროვნული დროშები დაუშვეს - ქვეყანაში ამ ფორმით კორონავირუსით თითქმის 12 ათასამდე დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი იტალიამ 12 აპრილამდე გაახანგრძლივა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იკლებს, თუმცა იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ერთ დღეში ვირუსმა 812 იტალიელი იმსხვერპლა. მათ შორის 63 ექიმია. პოზიტიურია ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. COVID-19 ერთ დღეში 1,590-მა იტალიელმა დაამარცხა, რაც იტალიაში ბოლო 24 საათში განკურნებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეკორდულად იზრდება მონაცემები ესპანეთში. ქვეყანამ საგანგაშო სტატისტიკით უკვე ჩინეთს გადაუსწრო და ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიო რუკაზე მესამე ადგილი დაიკავა. ბოლო 24 საათში აქ ინფიცირების რეკორდული, ახალი 9 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ დღეში კორონავირუსმა 849 ესპანელი იმსხვერპლა. დრამატულად გაზრდილი ციფრების გამო ჩინეთმა ესპანეთს დახმარების სახით 15 ტონა სამედიცინო რესურსი გაუგზავნა.

ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით კვლავ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც დღე-ღამეში ინფიცირების 20 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ემსხვერპლა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც.

დონალდ ტრამპის ვირუსთან ბრძოლის მეთოდი გააკრიტიკა ნიუ-იორკის გუბერნატორმა, . ენდრიუ კუომოს განცხადებით, ტრამპს უნდა აუხსნან, რომ ვირუსი პოლიტიკური წვრთნები არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში პაციენტებს 1000-საწოლიან გემ-ჰოსპიტალზე უმკურნალებენ. ასევე, ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში 68-საწოლიანი საველე საავადმყოფოს მშენებლობაც დაიწყო .

ინდოეთში კორონავირუსის ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ურჩ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში უპრეცენდენტო კარანტინია გამოცახდებული, თუმცა მოქალაქეები თვითიზოლაციის წესს არღვევენ .ინდოეთის მთავრობამ ერთ-ერთ შტატში მოსახლეობის გაკონტროლება უჩვეულო ფორმით დაიწყო. კარნატაკას შტატში პოლიცია მოქალაქეებს ყოველ ერთ საათში სელფის გადაღებას სთხოვს.

თურქმენეთში კი სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენება აკრძალეს. ის მოქალაქეები რომლებიც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრებენ, შესაძლოა, სამართალდამცველებმა დააკავონ.

სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებისთვის არა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს, წირვის ჩატარების გამო დააკავეს ფლორიდაში პასტორი. ამ დროისთვის, ფლორიდაში კორონავირუსის 5 200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს რეგიონშიც. კორონავირუსით თურქეთში 168 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ვირუსით 17 ადამიანია დაღუპული, ბოლო 24 საათში კი ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში 4 და სომხეთში 3 ადამიანია გარდაცვლილი. შეზღუდვები დაწესდა რუსეთის რეგიონებში , აზერბაიჯანში კი დღეიდან საკარანტინო ზომები გამკაცრდა.

კორონავირუსი უკვე მესამე ტესტირების შემდეგაც არ უდასტუდება ანგელა მერკელს. მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერი ქვეყნის მართვას დისტანციურად, სახლის პირობებში განაგრძობს. COVID-19 არ დაუდასტურდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც . პრემიერი მრჩეველებთან ერთად კარანტინში გუშინ გადაიყვანეს. იზოლაციის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ისრაელის პრემიერის ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.

დღის ამბები