01 დეკემბერი 2020,   22:02
ვრცლად
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყველგან გრძელდება - მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსხვილი სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რამაც პანდემიის პირობებში, შესაძლოა პროექტების მიმდინარეობა შეაფერხოს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, სადაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკები უფრო მაღალია, სამუშაოები ყველგან გრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით, პროექტებზე დასაქმებულები, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებული პროტოკოლით ხელმძღვანელობენ.

"ერთ-ერთი ის მოსაზრება, რომელიც სამშენებლო ორგანიზაციებს ჰქონდა, სამშენებლო მასალების შესაძლო გაძვირებას ეხებოდა დოლარის კურსის გამო. ამ თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ სექტორს ფასების ინდექსაცია, თუ დავინახავთ სამუშაოების ბოლოს, რომ ამას ჰქონდა გავლენა მათ ღირებულებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საშუალება მათთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ახალ ტენდერებში ან დაიწყონ ახალი პროექტები,"- აცხადებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

როგორც ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მათ შეხვედრაზე კონკრეტული გარანტიები მიიღეს. 

"დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გარანტიები, რომ დოლარის კურსთან მიმართებაში კომპენსაციები იქნება. ეს სრულ გარანტიას გვაძლევს იმისათვის, რომ დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაში, კომპანია მუშაობას გააგრძელებს," - განაცხადა კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორმა პაატა ტრაპაიძემ.

დღის ამბები