06 დეკემბერი 2020,   03:31
ვრცლად
საქართველოში ხვალიდან ქალაქებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდება

ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდება. აღარ ივლიან ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაჩერდება რკინიგზა.

შეზღუდვები მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვრცელდება, მოქალაქეები მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაწვეტილება უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის გადაწყვეტილება მძღოლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ რისკების დასაზღვევად და კორონავირუსის შეჩერების პრევენციისთვის რეგულაციების დაწესება საჭიროა.

დღეს თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ბოლო რეისი შესრულდა. მგზავრები ყვებიან, რომ ვაგონში ხალხის სიმრავლის გამო დისტანციის დაცვა შეუძლებელი იყო.

სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციები ქვეყანაში ეპიდაფეთქების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მგზავრების ნაწილი კი ამბობს, რომ აკრძალვა მათ გარკვეულ პრობლემებსაც შეუქმნის.

ტაქსის მძღოლების თქმით, დედაქალაქში გადაადგილებისას და მგზავრთა ნაკადის გადაყვანისას უსაფრთხოების წესებს თავადაც იცავდნენ. დედაქალაქში შეუფერხებლად იმუშავებს მეტრო, არ შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

დამატებითი აკრძალვებისა თუ რეგულაციების მიუხედავად - დარჩი სახლში - უმთავრეს რეკომენდაციად რჩება. სწორედ სოციალური დისტანციის დაცვაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფი ტემპებითა და მასშტაბებით გავრცელდება ქვეყანაში ვირუსი.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციები დღეს ღამით, 24 საათის შესრულებისთანავე ამოქმედდება. შეზღუდვების გაუქმება კი, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები