06 დეკემბერი 2020,   03:33
ვრცლად
უკვე 24 საათია, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს - ტაძრების ნაწილმა წირვის დროს რეკომენდაციები დაარღვია

ადგილი დიდია და ადგილი გვეყოფა ყველას - საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ამ განცხადების შემდეგ დაიწყო. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შედეგ არქიმანდრიტმა დემეტრე დავითაშვილმა მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ხელთათმანებითა და პირბადეებით აღჭურვილი მრევლი ტაძარში 1.5 მეტრიანი დისტანციით იდგა. ნაწილი მსახურებას ეზოში ხმის გამაძლიერებლების დახმარებით უსმენდა. საკვირაო წირვის შემდეგ მორწმუნეებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიმართა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

სამების საკათედრო ტაძარში რეკომენდაციების შესრულების პროცესს სტიქაროსნები აკვირდებოდნენ. მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველები საკურთხეველში მეუფეებს შეხვდნენ. რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით პოლიციამ გაფრთხილება მეუფე ნიკოლოზს მისცა და ტერიტორია დატოვა. 

საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ, ეკლესია ახალ ცხოვრებას იწყებს. ეპარქიების ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ ყოველ ახალ დღეს სასულიერო პირები მრევლთან ერთად რეკომენდაციებს უფრო ეფექტურად შეასრულებენ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მზად არის, მრევლი სახლში აზიაროს. ეპისკოპოსები ამბობენ, რომ ეკლესიებში ღვთისმსახურება განახლებული წესებით ჩატარდება, დაცული იქნება დისტანცია, მრევლის მცირე ნაწილი ტაძარში, ნაწილი კი ეზოში ილოცებს. ზეთისცხება, ზიარება და ჯვარზე მთხვევა ეკლესიების ეზოში მოხდება. ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, ტაძრებში ხატები სისტემატიურად იწმინდება. 

საგანგებო რეჟიმისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა ქაშუეთის ეკლესია, სადაც, მრევლის სიმრავლის მიუხედავად, დისტანცია დაცული არ იყო. სასულიერო პირებმა ეკლესიის ეზოში ხმის გამაძლიერებლების ტექნიკური უზრუნველყოფა მოახერხეს, თუმცა მოქალაქეები მსახურებას მაინც ეკლესიაში ესწრებოდნენ.

რეკომენდაციების დაცვა მოხერხდა სიონში. მრევლის ნაწილი წირვის დროს ეზოში, ნაწილი კი ტაძარში ერთმანეთის დაშორებით იდგა.  

საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო სავალდებულო წესებს იცავს. ეპარქიებში იმედი აქვთ, რომ ღვთისმსახურების ჩატარების პარალელურად, უსაფრთხოების დაცვასაც ეფექტურად შეძლებენ.

დღის ამბები