24 ნოემბერი 2020,   19:22
ვრცლად
კორონავირუსით დადასტურებული 49 შემთხვევა საქართველოში - ექიმები სამი პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას არ გამორიცხავენ

ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით ინფიცირების 49-ე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, დაინფიცირებული 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საქართველოში ბოლო 48 საათის განმავლობაში რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფი ქვეყნიდან დაბრუნდა. რაც შეეხება ზოგად სურათს, ექიმები სამი პრობლემური პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას არ გამორიცხავენ.

ახალგაზრდა, რომელიც მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, სავარაუდოდ კორონავირუსით ესპანეთში დაინფიცირდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იყო. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კლინიკას მიმართა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 11 ნიმუშიდან 2 დადებითი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ქალია, რომლიც 20 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს, მეორე კი იუნკერი, რომელიც საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა, ჰოსპიტალში კი ორი დღის შემდეგ, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. ორივეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

დამაკმაყოფილებელია ერთი ოჯახის სამი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ. მათი შემთხვევა პირველი კლასტერია, რომელიც ევროპაში მოგზაურობას არ უკავშირდება. ისინი ქვეყანაში ამერიკიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

კორონავირუსით დაინფიცირებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ის მე-14 დღის შემდეგ ბინაზე გაეწერება. კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებულ 4 პაციენტს მკურნალობენ.

ორ ინფიცირებულთან ერთად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 4 საეჭვო პაციენტს აკვირდებიან. ოთხივე მათგანი ქვეყანაში 1 კვირის წინ რისკის ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში დღეს კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ორი მესტიის საკარანტინო სივრცეში, სადაც სულ 17 პირს აკვირდებიან. არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება.

კორონავირუსზე ეჭვის გამო ერთი პაციენტი შეიყვანეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებამ ლუგარის ცენტრიდან გუშინ შეყვანილი 9 პაციენტის პასუხი უკვე მიიღო. ყველა მათგანი უარყოფითია.

კახეთის რეგიონში საკარანტინო ზონაში მყოფ პირთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. გაზრდილია თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაც. კახეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის 49 დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტი ნომერი ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პირი რჩება.

დღის ამბები