06 დეკემბერი 2020,   03:31
ვრცლად
COVID-19-მა ევროპის იმ ერთადერთ ქვეყანაშიც შეაღწია, სადაც ის ამ დრომდე არ იყო დაფიქსირებული

კორონავირუსმა უკვე 170 ქვეყანა მოიცვა. COVID-19-მა ევროპის იმ ერთადერთ ქვეყანაშიც შეაღწია, სადაც ის ამ დრომდე არ იყო დაფიქსირებული. მონტენეგროში ინფიცირების უკვე 2 შემთხვევაა. ევროკავშირი სრულად კეტავს საზღვრებს. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება დღეს დამატებით მიიღო კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორისაა მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

კვლავ უკიდურესად მძიმეა ვითარება იტალიაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 31 ათასს გასცდა. გეომეტრიული პროგრესით იმატებს COVID-19-ის შემთხვევები ესპანეთსა და საფრანგეთში.

"ეს არ არის არდადეგები, ეს არ არის საბავშვო თამაში, პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. თუ მოსახლეობაში დისციპლინა არ იქნება, ვირუსის დამარცხებას ვერ შევძლებთ" - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა, რომელსაც წუხელ საკმაოდ მკაცრი გამოსვლა ჰქონდა.

მსოფლიო რუკაზე იტალია კვლავ წითელი ზონაა. ქვეყანაში რეკორდული, ნეგატიური სტატისტიკა ფიქსირდება. ბოლო ერთ დღეში რეგისტრირებულია გარდაცვალების 345 და ინფიცირების 3500-ზე მეტი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსმა 2500-ზე მეტი იტალიელი იმსხვერპლა. მწვავედ დგას სპეცაღჭურვილობის კრიზისიც. მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთის 25 მილიარდი ევრო გამოყო.

კარანტინი გამოცხადდა ბელგიაში და მოლდოვაში. სერბეთმა კი კომენდანტის საათი შემოიღო. 533-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში. საფრანგეთში საერთო ჯამში 175 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 8000-ზე მეტი ადამიანი.

პანდემიის გამო ევროკავშირმა საზღვრების ერთი თვით ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გაუქმდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ევროკავშირი აღიარებს, რომ კორონავირუსის საფრთხე სათანადოდ არ იყო შეფასებული.

ჩინეთში, ინფიცირების შემთხვევების რეკორდული კლების გამო ჰუბეის პროვინციას მედიკოსების დიდი ნაწილი ტოვებს. ჯამში აქ 350 სამედიცინო ბრიგადა, თითქმის 43 000 ექიმი იბრძოდა. ახლა მათი რიცხვი თითქმის განახევრებულია. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ციფრი 81 000-ს აღწევს. გარდაცვლილია 3 237 ადამიანი.

78-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში. აზერბაიჯანში COVID-19 34 პაციენტს დაუდგინდა, რუსეთში კი 114-ს.

ამ ეტაპზე რეგიონში გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა ფიქსირდება თურქეთში. 89 წლის პაციენტის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს. ხელისუფლება საგანგებო ზომებს იღებს. შეწყდა სასწავლო პროცესი, დაიხურა კაფე-ბარები და ღამის კლუბები.

კვლავ რთული ვითარებაა ირანში. COVID-19-ით 18 000 პაციენტია დაავადებული, დაფიქსირდა გარდაცვალების 1135 შემთხვევა. მსოფლიოს სტატისტიკა კი ასე გამოიყურება. 205 000-ზე მეტი ინფიცირებული და 9000-მდე გარდაცვლილი.

დღის ამბები