01 დეკემბერი 2020,   23:04
ვრცლად
კარანტინის ან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები დაისჯებიან - რეგულაცია 27 მარტიდან ამოქმედდება

კარანტინის ან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები დაისჯებიან. ფიზიკურ პირებს 3 000, იურიდიულ პირებს კი 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ინიციატივა ითვალისწინებს ერთ წლამდე პატიმრობას.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, მხარს უჭერს ოპოზიციაც.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები ამოქმედდება 27 მარტიდან. მანამდე კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ კანონპროექტი განიხილონ როგორც კომიტეტებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის წევრების თქმით, კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანია საერთო უსაფრთხოების დაცვა.

"ჩვენ, ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს გამკაცრების წესი მნიშვნელოვანია და ვემხრობით ამ ზომის შემოღებას. იცით, რომ დღეს ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა ეს ისეთი ზომაა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით აუცილებლად არის გასატარებელი, ამიტომ არ მგონია, აქ შეიქმნას ხმების პრობლემა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"ამოცანა დასჯა არ არის ადამიანის, ამოცანა არის, რომ საკრანტინო ზომები დაიცვას ყველა ადამიანმა, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს. ამიტომ ეს ზომები ჩემი აზრით არის ადეკვატური და პროპორციული იმ საფრთხის, რომელშიც ვართ," - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

"მოლოდინი მაქვს რომ საზოგადოებაში არცერთი წევრი არ დარჩება უპასუხისმგებლოდ რომ მოეკიდოს ამ საკითხს და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ არანაირი სანქციის გამოყენება არ დაგვჭირდება იმიტომ რომ საშიშორება რეალურია," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

დღის ამბები