04 დეკემბერი 2020,   22:02
ვრცლად
დასავლეთის კრიტიკა ნაწილობრივ უსამართლო იყო, რაღაც კრიტიკის მომენტები გასათვალისწინებელი და გავითვალისწინეთ - გახარია

"ნაწილობრივ,"- ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში კითხვას იმის შესახებ, სამართლიანი იყო თუ არა ის კრიტიკა, რომელიც დასავლეთიდან წამოვიდა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნების მომხრეა, თუმცა "მოხდა ის, რაც მოხდა."

"თუ შენ თვლი, რომ კრიტიკა მომდინარეობს პარტნიორებისგან, ამაში ცუდი არაფერია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიტიკა რაც უფრო მკაცრი იქნება, თუ ის სამართლიანია, ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ ყველა უსამართლო კრიტიკაზე, ასევე მკაცრი პასუხი გვექნება.

მათი კრიტიკა ნაწილობრივ უსამართლო იყო, ეს პოლიტიკაა, აქ ასეთი ერთმნიშვნელოვანი შეფასებები არ არსებობს. მაგალითად, უაღრესად უსამართლო იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების რაღაც შეზღუდვები არსებობს. იყო რაღაც კრიტიკის მომენტები, რომლებიც გასათვალისწინებელი იყო და რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, მათივე ფასილიტაციის შედეგად მოხდა იმ კონსესუსის მიღწევა, რომელიც იქნა მიღწეული.

მე ყოველთვის ვემხრობოდი პროპორციულ სისტემას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი გუნდის გარკვეული წევრების აზრის გამო მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამას ხომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ არ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ იმაზე, რაც იყო გუშინ, მთავარია, რა იქნება ხვალ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

წამყვანის კითხვას, თუ რატომ თქვა უარი მმართველმა გუნდმა უარი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დანაპირების შესრულებაზე, გახარიამ ასე უპასუხა:

"პოლიტიკა არის პროცესი. პოლიტიკაში არ შეიძლება ვინმე იყოს გამარჯვებული და ვინმე დამარცხებული. პოლიტიკა არის მაქსიმალური შედეგის მიღების ხელოვნება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღო. ამ მოკლევადიან პროცესში ზიანი, ან ვინ დარჩა მოგებული და ვინ დარჩა წაგებული, უბრალოდ შეუძლებელია რომ შეაფასო. მოიგო თუ წააგო "ქართულმა ოცნებამ" ამ პროცესში, საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტს, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან და მისცემს ხმას ან "ქართულ ოცნებას", ან ვინმე სხვას,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები