01 დეკემბერი 2020,   23:08
ვრცლად
რას ნიშნავს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სასესხო ვალდებულებებზე - რას სთავაზობენ ბანკები მომხმარებლებს 

რას ნიშნავს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ბანკების ნაწილი მომხმარებლებს სთავაზობს?! - ეს არის კითხვა, რომელსაც მოქალაქეები ხშირად სვამენ ბანკების ოფიციალურ ონლაინ პლატფორმებზე, ცხელ ხაზზე და ასევე "კურიერის" ნიუსრუმში დარეკვის დროსაც.

უფრო გასაგები რომ გახდეს, რას გულისხმობს ბანკების შეთავაზება, "კურიერი" პირობითი რიცხვებითა და  მარტივი მაგალითით შეეცადა აუხსნას საზოგადოებას ცვლილების შესახებ.

პირობითად, თქვენ ბანკისაგან ისესხეთ 1000 ლარი 10 თვით, საბოლოო ჯამში ბანკს პროცენტიანად უნდა დაუბრუნოთ 1200 ლარი. გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად თქვენ იხდით 120 ლარს, რომელშიც ბუნებრივია ნაწილი ძირი თანხაა, ნაწილი პროცენტი. ვისაც სესხი აქვს კარგად იცის, რომ პროპორციები ძირ თანხასა და პროცენტს შორის იცვლება.

პირობითად, პირველ თვეს 120 ლარში 100 ლარი პროცენტია, 20 ლარი ძირი თანხა, მეორე თვეში რადგან ძირი თანხა შემცირდა და პროცენტი ძირი თანხიდან ითვლება, შემცირდა პროცენტის მოცულობაც. პირობითად მეორე თვეში 120 ლარში 80 ლარია პროცენტი, 40 ლარი კი ძირი თანხა, მესამე თვეში კი, იმავე პრინციპით პროპორციები ასეთია, 70 ლარი პროცენტი, 50 ლარი ძირი თანხა. ანუ 3 თვის განმავლობაში გრაფიკის მიხედვით და ძირი თანხის დაფარვის და შესაბამისად კლების ფონზე, თქვენ პროცენტის სახით ბანკს გადაუხდით ჯამში 250 ლარს.

რა სურათს მივიღებთ, საშეღავათო პერიოდით თუ ისარგებლებთ:

სამი თვის განმავლობაში თქვენ არაფერს იხდით, თუმცა თქვენ სესხს პროცენტი ერიცხება. რადგან საშეღავათო პერიოდში არ იფარება ძირი თანხა, ანუ 3 თვის მერეც თქვენი ძირი თანხა იქნება 1000 ლარი და რადგან პროცენტი ძირი თანხიდან ანგარიშდება, ყოველთვიურად 3 თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი იქნება უცვლელი 100 ლარი. ანუ სამ თვეში 300 ლარი, რაც 50 ლარით მეტია, რაც ჩვეულებრივი გრაფიკით უნდა გადაგეხადათ.

რაც შეეხება ამ დაგროვებული პროცენტის, ჩვენი პირობითი მაგალითის შემთხვევაში 300 ლარის გადახდის მექანიზმებს

თანხმობის შემთხევაში, ბანკები ორ სცენარს გთავაზობენ. პირველი სცენარის მიხედვით, თუ თქვენ გსურთ, რომ სესხი დაფაროთ იმ ვადებში, რაც თავდაპირველად გქონდათ განსაზღვრული, ჩვენი მაგალითის პირობებში, 2021 წლის იანვარში, შეგიძლიათ 300 ლარი გადაინაწილოთ დარჩენილ პერიოდზე, ანუ ამ შემთხვევაში 7 თვეზე, რადგანაც თქვენი სესხი 10 თვიანი იყო. ამ ვითარებაში ყოველთვიურად ბანკში 120 ლარის ნაცვლად 162 ლარისა და 85 თეთრის გადახდა მოგიწევთ.

თუ გსურთ, რომ თქვენი ყოველთვიური სესხის მომსახურება 120 ლარი დარჩეს, თქვენ გიხანგრძლივდებათ სესხის დაფარვის ვადა. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, იანვრის ნაცვლად სესხს 2021 წლის აპრილში დაფარავთ.

ჩვენ ვეცადეთ მარტივად აგვეხსნა საკითხი, რამაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურად მიიღებს ფინანსურ ორგანიზაციებში.

საშეღავათო პერიოდი გავრცელდება სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის სამომხმარებლო, იპოთეკურ, ავტო, სალომბარდე, საკრედიტო და ექსპრეს სესხებზე. გარდა ამისა, განვადებებსა და ოვერდრაფტზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბანკი ამ სამი თვის განმავლობაში გადასახდელ თანხასა და დარიცხულ პროცენტს გადაანაწილებს სესხის ვადის ბოლომდე. თუ თქვენ ბანკში ერთდროულად რამდენიმე სესხი გაქვთ, არ შეგიძლიათ მხოლოდ რომელიმეზე "საშეღავათო პირობებით" სარგებლობა.

დღის ამბები