01 დეკემბერი 2020,   22:40
ვრცლად
მსოფლიო პანდემია და გაუქმებული ფრენები - საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დამხმარებას ითხოვენ

საგანგებო მდგომარეობა, გაუქმებული ფრენები და ჩაკეტილი საზღვრები - კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიულ გზებს ეძებს, თუმცა გამოსავალს ყველა ვერ პოულობს. კარანტინში მყოფი იტალიის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს ირმა კაციტაძე, რომელიც არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში საელჩოს ადანაშაულებს.

მაღალი რისკის ქვეყნებში რჩებიან სტუდენტებიც, მათ ნაწილს შენგენის ვიზის ვადა ეწურება. ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნებში შექმნილი ვითარება პანიკის საფუძველს იძლევა და თავს დაუცველად გრძნობენ.

ფრენების გაუქმების გამო პრობლემები შეექმნათ ტურისტებსაც, რომლებიც შვებულების გატარებას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გეგმავდნენ, თუმცა იძულებით კარანტინში აღმოჩდნენ. 

პოლონეთში მყოფი ქართველების ინფორმაციით, საქართველოს 70-მდე მოქალაქე უკვე მეორე დღეა საელჩოსგან ელოდება პასუხს, შესაძლებელი იქნება თუ არა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ვარშავის აეროპორტამდე მათი ტრანსპორტირება? - კარანტინში მოქცეული ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნების ერთადერთი იმედი ახლა უმეტესობისთვის საქართველოს ავიახაზებია. აირზენამ მზადყოფნა გამოთქვა, მთავრობის დავალებით ნებისმიერი მიმართულებით შეასრულოს რეისი, თუმცა, მოქალაქეები უკვე საუბრობენ, რომ ქართული კომპანია შექმნილი ვითარებით ბოროტად სარგებლობს.

სამომავლო სამოქმედო გეგმაზე აირზენას გენერალურ დირექტორთან დღეს შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის სამინისტროში. როგორც საქართველოს ავიახაზების გენერალური დირექტორი ამბობს, სტანდარტული ფასების შენარჩუნება სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეების სხვა საყოფაცხოვრებო თუ ფინანსურ პრობლემებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება ფორსმაჟორულია და შესაძლოა გარკვეულ ფაქტებზე რეაგირება უმოკლეს ვადებში ვერ მოხერხდეს.

სირთულეების მიუხედავად, დღეს საქართველოში მოქალაქეთა ნაწილი დაბრუნდა ვარშავიდან, სტამბოლიდან, დუბაიდან. მგზავრების თქმით, მათ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და დღეიდან 2 კვირიან თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ. მათივე ინფორმაციით, არც ერთი მგზავრი კარანტინში არ გადაუყვანიათ.

კვირის განმავლობაში საქართველოს ავიახაზები კიდევ რამდენიმე რეისს განახორციელებს პარიზიდან, ამსტერდამიდან, ვენიდან, ბერლინიდან. ბაზარზე ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ოპერატორი, მათ შორის ყატარის ავიახაზები, თურქეთის ავიახაზები, ბელარუსის ავიახაზები, ფალი დუბაი. 18 მარტის შემდეგ 10 კომპანია დარჩენას გეგმავს, თუმცა შეიცვლება მიმოსვლის გრაფიკები.

დღის ამბები