04 დეკემბერი 2020,   22:21
ვრცლად
ხელისუფლება რეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს - ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

საკოორდინაციო საბჭოს განხილვის მთავრი საკითხი ახალი გამოწვევისთვის მზადყოფნა იყო. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების ეფექტური ღონისძიებების მიუხედავად, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გამორიცხული არ არის. შესაბამისად, მეტი დაცულობისთვის საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დროებით შეჩერდება. აგრეთვე, მუშაობას შეწყვეტენ ფიტნეს და სპა-ცენტრები. იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. პრემიერმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო ხდება.

მთავრობის გადაწყვეტილებას დღეს გაგებით შეხვდნენ მიკროავტობუსების მძღოლები და ის მოქალაქეები, რომლებიც სამარშრუტო ტაქსებით ყოველდღიურად სარგებლობენ. მოსახლეობა, შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, გამკაცრებული ზომების აუცილებლობაზე საუბრობს.

ხვალიდან საქართველოში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს, რომელიც სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. იცვლება ტრანსპორტში მოქალაქეების განთავსების წესიც. ხვალიდან ავტობუსებში მგზავრები მხოლოდ უკანა კარიდან ავლენ და მათ მძღოლთან კავშირი ფაქტობრივად აღარ ექნებათ. 

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის დროებით აკრძალვის მიუხედავად, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა მიიღო. კახი კალაძის განცხადებით, თბილისის მერია სოციალურ პასუხისმგებლობას თითოეული დასაქმებულის მიმართ შეასრულებს.

ხვალიდან დროებით ფუნქციონირებას წყვეტს სპაცენტრები და სპორტდარბაზები. პოტენციური ფინანსური ზარალის მიუხედავად, ბიზნესის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეს ნაბიჯი COVID 19-ის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია.

საკოორდინაციო საბჭოს აკრძალვები ოფიციალურად ძალაში ხვალიდან შევა.

 

 

დღის ამბები