04 დეკემბერი 2020,   22:36
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური განხილვები კორონავირუსის ფონზე - კონკრეტულ ფორმებს პარლამენტი დაადგენს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დისტანციური რეჟიმით წარიმართოს.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ აღსრულდეს ქვეყნის დღის წესრიგი რაც არის, მეორეს მხრივ მოქალაქეების ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.

მომდევნო დღეების განმავლობაში დისტანციური პარლამენტის იდეა არ განიხილება, ეს ჯერ მხოლოდ დამზღვევი ნაბიჯია.

თუმცა ის, რაც ნამდვილად დისტანციური იქნება - სახალხო განხილვებია. იმისათვის, რომ 120/30-ზე პრინციპი სიღრმისეულად პოლიტიკოსების გარდა ამომრჩევლებმაც გაიგონ, საყოველთაო განხილვაა საჭირო.

ხვალ ბიუროზე დაჩქარებული წესით დაკომპლექტდება შესაბამისი კომისია, რომელიც პირველ სხდომაზე გვეტყვის, რა ფორმა ექნება დისტანციურ განხილვას. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია თანხმდება, რომ ეს სწორი გზაა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი საჯარო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს. კომისიის შექმნას მხარს უჭერენ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი წინასწარ ამბობს, რომ შეთანხმებულ პროექტს სესიაზე მხარს არ დაუჭერენ.

ვიდრე ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საყოველთაო განხილვებში ჩართვა გამორიცხა, ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ისინი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილების ბოლომდე მიყვანას გეგმავენ, მათ შორის საჯარო განხილვებში ჩართვით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნას აცხადებს. მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადავა, პარლამენტი თავის დღის წესრიგს ამ რეჟიმს მოარგებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას საფრთხე არ შეექმნას. თუმცა ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს ხელისუფლებაში ვერ ხედავენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამდე პარლამენტს მინიმუმ 2 საყოველთაო განხილვის ჩატარება მოუწევს.

დღის ამბები