04 დეკემბერი 2020,   21:07
ვრცლად
იძულების წესით საკარანტინო ზონაში დღემდე 55 ადამიანია გადაყვანილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 13 ადამიანია გადაყვანილი. საერთო ჯამში საქართველოში იძულების წესით საკარანტინო ზონაში სულ 55 მოქალაქე გადაიყვანეს. ყველა მათგანი ამჟამად იზოლირებულია. 

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მდგომარეობის სერიოზულობა ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ 55 ადამიანისთვის, რომელმაც თვითიზოლაციის პირობები დაარღვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანამდე არსებულ 42 შემთხვევას დღეს კიდევ 13 დაემატა. ისინი პოლიციელებმა იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

საჩხერის საკარანტინო სივრციდან, რომელშიც 40 ადამიანი იმყოფებოდა, 11 თვითიზოლაციაში გადავიდა. დანარჩენი 29 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით სიმპტომები არ აქვთ არც საირმეში მყოფ პირებს. იქ მარსელი-ქუთაისის რეისის 35 მგზავრი გადმოიყვანეს. დადებითი დინამიკაა წყალტუბოში, სადაც კარანტინს 103 ადამიანი გადის.

კახეთში თვითიზოლაციაში 110, კარანტინში კი 45 ადამიანია. ისინი პარიზი-თბილისის რეისის მგზავრები არიან, რომლებიც სამშობლოში 2 დღის წინ დაბრუნდნენ. დაკვირვების ქვეშ მყოფი 24 პირიდან 11 გაწერილია გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საავადმყოფო მზად არის რამდენიმე ათეული პაციენტის მისაღებად.

საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე კარანტინში 637 ადამიანი იმყოფება. სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დღის ამბები