06 დეკემბერი 2020,   01:38
ვრცლად
გიგი უგულავა შეწყალების მოლოდინში - პოლიტიკოსის გათავისუფლებას, თავად პატიმართან ერთად, 11 ევროპარლამენტარიც მოითხოვს

ათონელზე გაგზავნილ წერილს ერთი ადრესატი ჰყავს - საქართველოს პრეზიდენტი. ავტორი კი თერთმეტია, თერთმეტივე ევროპარლამენტარი, 5 სხვადასხვა პარტიიდან. სალომე ზურაბიშვილი მათთვის საინტერესო იმით არის, რომ შეწყალების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, რომელიც მათი თქმით, პრეზიდენტმა გიგი უგულავას გასათავისუფლებლად უნდა გამოიყენოს. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ საქართველოს მეგობრები შეწუხებულები არიან ქვეყანაში მზარდი პოლარიზებითა და ანტაგონიზმით, ნორმალიზებისკენ გზა კი მათთვის თავისუფალი უგულავაა.

მიმართვაში ევროდეპუტატები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდგარ შეთანხმებას მიესალმებიან და პრეზიდენტს მიმართვას სწორედ იმ მოლოდინით წერენ, რომ ხელისუფლება მისი განხორციელებით ტესტს ჩააბარებს. თუმცა დიპლომატიურ ენაზე დაწერილი შეთანხმება ამ დრომდე ინტერპრეტაციების საგანია.

ოპოზიციისთვის გავლენიანი ევროდეპუტატების წერილი იმის ნიშანია, რომ შეთანხმების დანართი ნამდვილად "პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" ეხებოდა. ნაწილი პრეზიდენტის უმოქმედობის შემთხვევაში კანონპროექტის ჩაგდებას პროგნოზირებს.

მიმართვა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარების გარდა, თავად უგულავასგანაც მიიღო. შუამდგომლობა მის გათავისუფლებას ეხება და არ წარმოადგენს შეწყალების თხოვნას. "ევროპული საქართველოს" გენ-მდივნის გათავისუფლება მისი ადვოკატის თქმით, ვითარების განმუხტვას მოემსახურება, თუმცა პროგნოზებისაგან იურისტი თავს იკავებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს გაიაზროს მის ხელთ არსებული გავლენის ბერკეტი და მიღწეულ შეთანხმებას ხელი არ შეუშალოს. ხელისუფლების ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რომ მიმართვა გათვალისწინებული იქნება, რადგან უმრავლესობას ახლა სხვა გზა აღარ რჩება. საარჩევნოდ ჯანსაღი გარემოს შექმნაში მათი თქმით, თავისი წვლილი პრეზიდენტმაც უნდა შეიტანოს.

პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაში ჩარევას არ აპირებს მმართველი გუნდი, სადაც გადაწყვეტილებას ცალსახად პრეზიდენტის პრეროგატივად განიხილავენ, თუმცა "ოცნება" იმ აზრზე რჩება, რომ პოლიტპატიმარი ამ ვითარებაში, ვერბალურადაც და შინაარსობრივადაც უადგილო ტერმინია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ევროპარლამენტარებს თებერვლის შეხვედრებს ახსენებს, როდესაც სტრასბურგის სპეციალური კომისია თბილისში უნდა ჩამოსულიყო და უგულავას საქმე პირადად შეესწავლა, მსოფლიოს ბოლო გამოწვევებმა ეს პერსპექტივა მართალია ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა ხელისუფლებაში იმედი აქვს, რომ ეს პირობა შედგება.

"ოცნება" საარჩევნო ნაწილში მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერას კენჭისყრაზე გეგმავს, თუ ოპოზიცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, პასუხისმგებლობის ტვირთი მათზე იქნება - აცხადებენ მმართველ გუნდში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი მხრივ გიგი უგულავას, მეორე მხრივ კი ევროპარლამენტარების მიმართვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

დღის ამბები