04 დეკემბერი 2020,   22:05
ვრცლად
ქვეყანაში სურსათის ადეკვატური მარაგებია და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს - მინისტრების ბრიფინგი

სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საიმედო სიტუაციაა და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება მინისტრებმა პრემიერ-მინისტრთან და საცალო ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს

"ჩვენ ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება პროდუქტების და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით. ყველა სავაჭრო ქსელში არის რამდენიმე თვიანი მარაგი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს პანიკის და მომატებული მოთხოვნის," - განაცხადა ვიცე პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მისი თქმით, ქვეყანაში არც საგანგებო რეჟიმის გამოცხადების საფუძველი არაა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ქვეყანაში სურსათის ადეკვატური მარაგებია და სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოში ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებითაც კი უფრო საიმედო სიტუაციაა:

"ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგები, ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგის სისტემა, რათა გვქონდეს მოწოდების ყველა ჯაჭვთან რეგულარული და მუდმივი კომუინიკაცია, ეს უკავგშიერდება როგორც იმპორტიორებს, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს და საცალო ქსელების წარმომადგენლებს. ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაციონალურ შიშებს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს:

"მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან რაღაც ირაციონალურ შიშებს, კორონავირუსი ახალი გამოწვევაა და ყველანი ვღელავთ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის იმის საფუძველი, რომ ავყვეთ უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები