06 დეკემბერი 2020,   03:37
ვრცლად
კორონავირუსი და პროდუქტების დეფიციტის შიში მოსახლეობაში - რა გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე საზღვრების ჩაკეტვა მეზობელ ქვეყნებთან

ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობის იმ ნაწილის შიშებს, ვისაც ქვეყანაში საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტის მოლოდინი აქვს. ნათია თურნავამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საზღვრების დროებითი ჩაკეტვა ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებს არ შეხებია. მინისტრის თქმით, კორონავირუსის ეკონომიკურ გამოწვევებს ხელისუფლება მოქნილ ანტიკრიზისულ გეგმას უპირისპირებს.

ეკონომიკის მინისტრის მსგავსად, პანიკის საფუძველს ვერ ხედავს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე. ივა ჭყონიამ დღეს განმარტა, რომ მსოფლიოს პანდემიურ რეჟიმში ცხოვრების მიუხედავად, გადაზიდვებს შეზღუდვები არ შეხებია. ჭყონიას თქმით, უსაფუძვლო პანიკას ქვეყნის მოსახლეობისთვის COVID19-ზე გაცილებით მეტი ზარალის მიყენება შეუძლია. დახლების სასურსათო პროდუქტებისგან დაცლის საშიშროებას გამორიცხავენ მსხვილი ჰიპერმარკეტების წარმომადგენლებიც.

პროდუქციის დეფიციტის რისკებს ვერ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციის აზრით, მთავარი პრობლემა ახლა ეკონომიკური პარამეტრების შეძლებისდაგვარად შენარჩუნებაა, რაც ხელისუფლების მხრიდან მწყობრ ეკონომიკის მასტიმულირებელ ნაბიჯებს მოითხოვს.

ეკონომიკური რეცესიის გამოსარიცხად ხელისუფლების მხრიდან დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ ეკონომისტებიც. დარგის სპეციალისტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ევროპული ანტიკრიზისული სტრატეგიების გაზიარებისკენ მოუწოდებენ და ბიზნესის გადასარჩენად სახელმწიფოს მხრიდან მათ საქმიანობაში ფინანსური ჩარევის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

ტურიზმის სფეროზე დამოკიდებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო დღეს დედაქალაქის მერმა. რესტორნებსა და კაფეებს, რომლებსაც ღია ვერანდების მოსაწყობად მერიისგან მიწა იჯარით აქვთ აღებული 2020 წლის იჯარის გადასახადი სრულად მოეხსნებათ. კალაძის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება.

ახალი კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ ფაქტის შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა დღეს ყველა თანხმდება, რომ საკვების დეფიციტის შიში გადამეტებული და უსაფუძვლოა.

დღის ამბები