24 ნოემბერი 2020,   19:15
ვრცლად
ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად ხელისუფლება საბანკო სექტორთან  ერთად მუშაობს

ხელისუფლება ეროვნულ და კომერციულ ბანკებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს.

პრობლემის შემსუბუქების შესაძლო გზები გვიან ღამით პრემიერმა ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურისტულ ინდუსტრიაზე, როგორც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მოწყვლად სექტორზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ბანკები მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რათა მათ გადასახადების დროს პრობლემები არ შეექმნათ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისულ გეგმას შესთავაზებს.

"შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი. პირველი, ერთად მუშაობა და ტურიზმის სექტორისთვის გარკვეული ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზება და მეორე - ერთმანეთისთვის უნდა გაგვეცვალა ჩვენი ხედვები ეკონომიკის მდგრადობასთან და მის შენარჩუნებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ეფექტების გავლენის დათვლაზე იმუშავებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი აცხადებს, რომ საჭიროა ზუსტი კოორდინაცია და მუშაობა.

"გვქონდა საუბარი იმ სექტორებზე, რომელზეც მიმდინარე მოვლენებს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა და რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია, რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ მაღალი ზრდა იყოს ქვეყანაში, ეს დეტალები გავიარეთ,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საბანკო სექტორი მზად არის მთავრობას სამოქმედო გეგმა შესთავაზოს.

დღის ამბები