01 დეკემბერი 2020,   22:23
ვრცლად
პუტინი სანქციების ქვეშაა მოქცეული და გამოსავალს ვერ პოულობს - ვალერი ჩეჩელაშვილი

"რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი სანქციების ქვეშაა მოქცეული და გამოსავალს ვერ პოულობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები უქმდება.

"რუსეთის ეკონომიკა სტრუქტურულად არის ძალიან დამოკიდებული ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, ამის საშუალებები კი რუსეთს ეზღუდება, როგორც ბუნებრივად, ასევე ენერგეტიკულ სფეროში სერიოზული რევოლუციური მოვლენების მოლოდინში.

პრობლემები გროვდება და ამ პრობლემების სისტემური გადაწყვეტის შესაძლებლობები და პოტენციალი არ ჩანს. იმიტომ რომ პუტინი არის ძალიან კონსერვატიული პოლიტიკოსი, ძალიან კარგად ალაგებს ტაქტიკურ სქემებს, მაგრამ სტრატეგიული საკითხების ჯეროვანი გადაწყვეტილების უნარი მას და მის ხელისუფლებას არ გააჩნია. ზუსტად ამიტომ არის ის სანქციების ქვეშ მოქცეული კუთხეში და აქედან გამოსავალს ვერ პოულობს. იმიტომ რომ გამოსავლისთვის არის აუცილებელი პოლიტიკის ცვლილება, ეს კი მას ვერ წარმოუდგენია," - განაცხადა "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები უქმდება. შესაბამისად, მოქმედ პირველ პირს ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა ეძლევა, 2036 წლამდე იყოს რუსეთის პრეზიდენტი. პუტინი პრეზიდენტად უკვე მეოთხედ არის არჩეული და მას მანამდე მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონდა საშუალება კიდევ ერთი ვადით კენჭი ეყარა. "ედინაია რასიას" დეპუტატის, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივას მხარი 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, არცერთი იყო წინააღმდეგი, თავი 43-მა შეიკავა.

დღის ამბები