28 ნოემბერი 2020,   14:34
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირების დინამიკა იკლებს ჩინეთში, თუმცა შემთხვევები რეკორდულად იზრდება ევროპაში

დაკეტილი სკოლები, უნივერსიტეტი და მუზეუმები, გაუქმებული სპორტული და კულტურული ღონიძიებები - იტალიის მთავრობა რეკორდულად გაზრდილი დაინფიცირების სტატისტიკის გამო საგანგებო ზომებს იღებს. ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. სამთვიანი პატიმრობით დაისჯება ყველა, ვინც სპეციალურად გამოყოფილ ზონას დატოვებს. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია. ახალი წესები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 3 აპრილამდე იმოქმედებს. ბოლო მონაცემებით იტალიაში COVID-19-ით 233 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 6 000-ს მიაღწია. მათ შორისაა პიემონტის რეგიონის გუბერნატორიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული საკვირაო ქადაგება ონლაინრეჟიმში ჩაატარა.

"ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ვირუსთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ რეგიონებში ნებისმიერი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება, ასევე რელიგიური თუ სავაჭრო ღონისძიება გადაიდება, დაიხურება საჯარო სივრცეები, გასართობი ცენტრები, სკოლები და ღამის კლუბები. ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პირისპირ ვიმყოფებით. ცხადია, ეს წესები მოქალაქეებს ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხია," - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

სწრაფი ტემპით იზრდება ფატალური შემთხვევების რაოდენობა ირანშიც. ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 49 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა უკვე 194-ს მიაღწია. დაავადებას კი 7 000-მდე პაციენტი ებრძვის. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ირანმა ევროპის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. საგანგაშო სტატისტიკის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები თეირანში იმყოფებიან. ორგანიზაციის გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივი მუშაობით ირანში ფატალური შემთხვევების დინამიკა კლებას დაიწყებს.

"ირანში ექიმები და ექთნები თავდაუზოგავად მუშაობენ ვირუსის დასამარცხებლად. არ შემიძლია არ შევაქო ისინი გაწეული სამსახურისთვის. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენს სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით შეძლებენ საგანგაშო დინამიკის შეცვლას," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელმა რიკ ბრენანიმ.

უკვე 24 საათია, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ჩინეთში, სადაც გუშინ კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი 5-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. სასტუმროს ნგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა. შენობაში 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ნანგრევებიდან მხოლოდ 48 პირის ამოყვანა შეძლეს. უცნობია, რა გახდა სასტუმროს შენობის ნგრევის მიზეზი.

ფუძიანის პროვინციაში სამძებრო და სამაშველო ოპერაციის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 000-ს გადასცდა. COVID-19-მა კი უკვე 3 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ სამხრეთ კორეაშია. დაავადებას ამ დრომდე 7 000-ზე მეტი ადამიანი ებრძვის. ქვეყენაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

COVID-19-ის  გავრცელების არეალი იზრდება. დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ბულგარეთში, პარაგვაისა და კამბოჯაში. ვირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში. ქვეყანაში COVID-19-ით ჯამში 18 ადამიანია დაავადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით მოსკოვში "განგაშის უმაღლესი დონე" გამოცხადდა. ის პირები კი, რომლებიც რუსეთში ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან ჩავლენ, ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ნიუ-იორკის შტატშიც. 24 საათში შტატის ტერიტორიაზე დაინფიცირებულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ვირუსმა 19 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას კი სულ 500-მდე პაციენტი ებრძვის. დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა გერმანიასა და საფრანგეთშიც. ორივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია.

დღის ამბები