24 ნოემბერი 2020,   20:17
ვრცლად
ოპოზიცია აცხადებს, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

120/30-ზე, ერთპროცენტიანი ბარიერით და 40-იანი ჩამკეტით - შეთანხმება მიღწეულია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მხარეებმა დიპლომატების თანდასწრებით მემორანდუმი გააფორმეს. პარტიები აცხადებენ, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ახლა მთავარი ინიციატივის იმპლემენტაციაა.

ლიდერების განცხადებით, შეთანხმება არის კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ეხება პოლიტპატიმრებს. კონკრეტული გადაწყვეტილებები მსჯავრდებულების თემაზე, მათი ინფორმაციით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, საკონსტიტუციო ცვლილება კი უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, შეთანხმება ბოლომდე დასრულდეს.

"იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ქვეყანაში ჩატარდეს შედარებით ნორმალური ან მთლიანად ნორმალური საარჩევნო კამპანია და არჩევნები, არის მიღწეული შეთანხმება. ერთი საკითხია საარჩევნო სისტემის საკითხი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. ცალკე დოკუმენტად შედგა შეთანხმება ამაზე. ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ის პირები, ვინც არიან დაკავებულები: გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბესიკ თამლიანი - ჩვენ მათ პოლიტპატიმრებად მივიჩნევთ. მთავრობა მათ არ მიიჩნევს პოლიტპატიმრებად, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებებს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს შედეგს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად პრინციპული იყო. აგრეთვე, პოლიტიკა, ისევე როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ არჩევნებთან. ხოლო მესამე, მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ოლქებს, ისინი შედგება ისე, როგორც ვენეციის კომისიამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ გასწია ამაზე რეკომენდაცია," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

"120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული, 1%-იანი ბარიერი და 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რომ პარტია, ვინც 40 %-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შეძლოს უმრავლესობის მიღება - ეს არის ტექსტი, რომელსაც ხელი მოეწერა და აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებში. ეს ცვლილებები მომავალ კვირაში პარლამენტში შევა დადგენილი წესით.

გამარჯვებულებს ჩვენ დავითვლით ოქტომბერში, არჩევნებზე. ეს არის გამარჯვება ქვეყნის, მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები და ბევრთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად, ან შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები