26 ნოემბერი 2020,   20:30
ვრცლად
მიკროფონი ე.წ. ღრუბლის გარეშე და ჟურნალისტები ნიღბებით - "რუსთავი 2" კორონავირუსის წინააღმდეგ

ის, რასაც სახელმწიფო და ხელისუფლება აკეთებს პრევენციისთვის საკმარისი არ არის და ვერც იქნება, თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ გააცნობიერა რამდენად დიდია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გლობალური კრიზისის დასაძლევად.

გუშინდელმა ფაქტმა, ყველას ნათლად დაანახა სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ უგულებელვყოფთ რეკომენდაციებს, მხოლოდ საკუთარ თავს არ ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ რისკის წინაშე ვაყენებთ ყველას, მათ შორის ისედაც რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: ხნიერ ადამიანებს, სუსტი ჯანმრთელობისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც ისედაც საფრთხის ქვეშ არიან და ამით პასუხისმგებელი ვხდებით მათ სიცოცხლეზე.

ამიტომ, რეკომენდაციები აუცილებელ ვალდებულებად უნდა მივიღოთ. ის რაც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია, ბევრად იოლია, ვიდრე იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გვიცავენ კორონავირუსისგან.

იყო დრო, როდესაც საქართველოში სასწრაფო დახმარების მანქანებს გზას არ უთმობდნენ, დღეს ყველა მანქანა გვერდით გადადის, როდესაც სასწრაფო მოდის. ამით ჩვენ ექიმებს სიცოცხლის გადარჩენაში ვეხმარებით. ჩათვალეთ, რომ სწორედ სხვის სიცოცხლეს ვუფრთხილდებით, როდესაც რეკომენდაციებს ვასრულებთ. თუ ამას შევძლებთ და მინიმუმამდე შევამცირებთ რისკებს, ყველა ვიამაყებთ. რომ ჩვენ მაღალი პასუხიმგებლობის სამოქალაქო საზოგადოება ვართ!

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" სრულად ემორჩილება მედიის მიმართ გაჟღერებულ მითითებებს. ამ წუთიდან, "კურიერის" მიკროფონებზე მოხსნილია ე.წ. ღრუბლები და ყველა ჟურნალისტი იმოძრავებს შესაბამისი ნიღბებით.

გურამ როგავა და დავით მაისურაძე საუბრობენ,  როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და სხვები გლობალური საფრთხისგან, რომელსაც "კოვიდ 19" ჰქვია. 

1. ეპიდემიის შეკავება დიდწილად დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობასა და სოციალურ ქცევაზე. მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. დასნებოვნების რისკი საკმაოდ მაღალია. ვირუსი უკვე 85 ქვეყანაშია გავრცელებული.

2. საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით: ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან დაბრუნებული პირები თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათთან კონტაქტი უნდა შეეზღუდოთ: დამსაქმებლებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

3. საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოებში დამატებით ცხელი ხაზის ნომრები ამოქმედდა.

4. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები დამოუკიდებლად უნდა იყვნენ ოთახში, არ გამოიყენონ ოჯახის სხვა წევრების ნივთები. არ უნდა იარონ სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თქვენთვის განკუთვნილი ნივთები ახლობლებმა კართან უნდა დაგიტოვონ.

5. ხშირად დაიბანეთ ხელები! ეცადეთ, ნაკლებად შეეხოთ: თვალებს, ცხვირსა და პირს. სუფთა ხელები და ჰიგიენის დაცვის ზოგადი წესები არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საიმედო საშუალება.

6. მაქსიმალურად შევზღუდოთ ფულთან კონტაქტი და ვეცადოთ, ყველა ფინანსური ოპერაცია ბარათებით განვახორციელოთ.

7. მსუბუქი შემთხვევების დროს, საჭიროა სტაციონალური იზოლირება ორი კვირიდან 20 დღემდე. გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ მას 24 საათში ზედიზედ 2-ჯერ​ კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება.

8. ჟურნალისტებმა რესპონდენტისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ. სასურველია, არ გამოვიყენოთ ღრუბლიანი მიკროფონები. ინტერვიუს დროს, რეკომენდებული არ არის ისეთ ადამიანთან მიახლოება, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის ქვეყნებიდან. უნდა მოვერიდოთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. უსაფრთხოების დისტანციაა მეტრი, მეტრ-ნახევარი. სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, აპარატურა უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

9. თუ კარგად გავაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და დავიცავთ რეკომენდაციებს, ვიქნებით ჯანმრთელები და ხელს არ შევუწყობთ ვირუსის გავრცელებას.

 

დღის ამბები