26 ნოემბერი 2020,   19:25
ვრცლად
ეკონომიკური კრიზისის საფრთხე კორონავირუსის ფონზე - ოპოზიცია ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს

"ევროპულმა საქართველომ" კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა წარადგინა.

გეგმა საშემოსავლო გადასახადების 20%-დან 17-%მდე შემცირებას, ქონების გადასახადის განახევრებას და ნავთობპროდუქტებზე ფასების 25%-ით შემცირებას მოიცავს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო ზომები გაატაროს.

"ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით, ჩვენ ბიზნესს საშუალებას მივცემთ თავიდან აირიდოს სამუშაო ადგილების შემცირება და ამით შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს. ხოლო, ნავთობპროდუქტებზე აქციზით შემცირებით, მოიკლებს 8-10 თეთრით ბენზინის ფასი, რაც ძირითად პროდუქტებზე ფასის შემცირებას გამოიწვევს," - აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" კი, მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორში საშემოსავლო და ქონების გადასახადზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. 

"არ არის ადვილი პროგნოზირება იმ უარყოფითი შედეგებისა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ვირუსის შემდგომმა გავრცელებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს საგანგებო ზომები, რათა ზემოქმედება მოვახდინოთ ისეთ სფეროზე, როგორიც არის ტურიზმი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, სახელმწიფო ყველა გამოწვევას თავს კარგად ართმევს. 

"კუმ ფეხი გამოყოო, რა უნდათ. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და მათ შორის იმ გამოწვევას, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ყველა ხედავს თუ როგორ ვუმკლავდებით. ქართული სახელმწიფო არ ჩამორჩება არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ასე იქნება ეკონომიკაშიც, ჩვენ ამ გამოწვევასაც გავართმევთ თავს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები