01 დეკემბერი 2020,   22:40
ვრცლად
ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მეორე მცდელობა და მეორედ მოწამლული ე.წ კანდიდატი - სოხუმში ისევ არეულობაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე,წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მეორე მცდელობის წინ დე ფაქტო პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი მეორედ მოწამლეს. ასლან ბჟანიას მდგომარეობა ამჯერადაც რუსეთიდან სოხუმში დაბრუნების დროს დამძიმდა. ის, რომ ბჟანია გასულ წელს სწორედ არჩევნების წინ მოწამლეს, დაადასტურა გერმანიის ლაბორატორიამაც.

ბჟანიას მეორედ მოწამვლას ოკუპირებულ რეგიონში არეულობა და გამოსვლები მოჰყვა. ასლან ბჟანიას მხარდამჭერებმა ე.წ. ხელისუფლებას გადადგომა და საკუთარი კანდიდატის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ღონისძიებების გატარება მოსთხოვეს. მოგვიანებით სიტუაცია ადგილზე პოლიტიკური ლიდერების მისვლამ განმუხტა, აქვე მიიღეს აქციის მონაწილეებმა ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი ინფორმაციაც.

სოხუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ახრა ავიძბაც მივიდა, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს მებრძოლმა ავიძბამ, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი თვის წინ მომხდარ რევოლუციაში მთავარი როლი ითამაშა, განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია არ დაიშლება, სანამ არ გადაწყდება ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის საკითხი და ის, შეძლებს თუ არა ბჟანია არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

თავად ასლან ბჟანია, რომელიც უკვე მეორედ მოწამლეს და ორივე შემთხვევაში რუსეთში, ამჟამად მკურნალობის კურსს კრასნოდარში გადის. ის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გვიან ღამით ვერტმფრენით გადაიყვანეს. ბჟანიას მოწამვლამ სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონში იმდენად დაძაბა, რომ ე.წ. პარლამენტში გვიან ღამით საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ე.წ. პარლამენტარების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბჟანია მოწამლეს.

ასლან ბჟანიას მოწამვლის გამო, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ერთ-ერთი მათგანია, ვინც თბილისთან დიალოგზე თანახმაა, მწვავე გამოხმაურება მოყვა აფხაზურ დახურულ სოციალურ ჯგუფებშიც. მოსახლეობის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბჟანიას მოცილება სურთ, თუ ვის, ამაზე პასუხი ჯერ არ აქვთ.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან თბილისში. ექსპერტები და ბლოგერები, რომლებიც სოხუმში მიმდინარე ამბებს ყოველდღიურად ეცნობიან, ბჟანიას მოწამვლის ორ განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ვერსიით მოსკოვი თავიდან იცილებს არასასურველ კანდიდატს, მეორე ნაწილი, ბჟანიას მოწამვლის შემთხვევებს კრიმინალური კლანებს უკავშირებს. მათი თქმით, კლანებს არ აწყობთ ბჟანიას ე.წ ხელისუფლებაში მოსვლა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს უნდა ჩატარდეს, იმ შემთხვევაში თუ მასში ასლან ბჟანია მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, მისი მომხრეები არჩევნების გადატანას მოითხოვენ, მოწამლული ე.წ. კანდიდატის მხარდამჭერები სოხუმის ცენტრში ამ დრომდე რჩებიან.

დღის ამბები