04 დეკემბერი 2020,   21:55
ვრცლად
ჩიხში შესული მოლაპარაკებები - მივლენ თუ არა რაიმე სახის შედეგამდე პოლიტიკური პარტიები

სამართლებრივი ვადის ამოწურვამდე 6 დღით ადრე, უმრავლესობა ოპოზიციას ბარიერის განსაზღვრის უფლებას უთმობს. მამუკა მდინარაძე ოპონენტებს 40-პროცენტიან ე.წ. ჩამკეტთან ერთად პროპორციულსა და მაჟორიტარულ მანდატებს შორის თანაფარდობის არჩევანსაც სთავაზობს, თუმცა შეზღუდულს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წინადადება მხოლოდ ორ ვარიანტს ითვალისწინებს: 100/50 ზე ან 110/40 ზე. 40 მაჟორიტარზე ნაკლების შემთხვევაში, მმართველი გუნდში განმარტავენ, რომ ოლქების ოპტიმალური განაწილების პრინციპი ირღვევა.

"ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის შეთავაზებებს იწუნებს. ოპოზიციურ პარტიაში კიდევ ერთხელ აზუსტებენ, რომ მათი მოთხოვნა არა ბარიერი, არამედ ორკომპონენტიანი პირობაა.

სიტუაციის ნორმალიზების გზა პროპორციულ სისტემასა და პოლიტ პატიმრების გათავისუფლებაზე გადის "ევროპული საქართველოსთვისაც". ამ ფონზე, ბარიერის საკითხი პარტიისთვის უმნიშვნელოა. გიგა ბოკერია იმაშიც დარწმუნებულია, რომ ბარიერი ოპოზიციის ერთიანობას ვერ შეარყევს. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისთვის, ისევე როგორც ოპოზიციური მაგიდის გარშემო მსხდომი სხვა შედარებით მცირე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, ბარიერი რომ მნიშვნელოვანია, ამას ნინო ბურჯანაძე ადასტურებს. თუმცა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პრინციპი, რომლის გარშემოც მმართველი გუნდის ოპონენტები გაერთიანდნენ, უფრო მნიშვნელოვანია. ნინო ბურჯანაძე შეთანხმების რესურსს ხედავს. 

პროცესების ნორმალიზება "ლელოსთვის" მხარეებს შორის შეთანხმებაზე გადის. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ოპონენტები პოზიციების შეჯერებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. 

ჩიხში შესული მოლაპარაკებების ფონზე, არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ ვაჭრობასა და მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არიან პარტიები, რომლებიც შეთანხმების რესურსს ხედავენ. რესურსის არსებობას ადასტურებს უმრავლესობაც. არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება, ოპოზიციის ნაწილისთვის მისაღებია და ამ სისტემას სახელისუფლებო გუნდი მაინც მიიღებს.

დღის ამბები