01 დეკემბერი 2020,   22:13
ვრცლად
კორონავირუსი, საფრთხე მსოფლიო ეკონომიკისთვის - ეკონომიკური რყევების რისკი საქართველოსთვისაც გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს ეკონომიკას საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის. მას შემდეგ, რაც რეგიონსა და ქვეყანაში ვირუსის ფაქტები დადასტურდა, გარკვეული ეკონომიკური რყევების რისკი საქართველოსთვისაც გაიზარდა.

ქვეყანამ, რომლის ეკონომიკური პოტენციალის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ტურიზმია, საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა ჩინეთთან და ირანთან.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სამეზობლოდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით შემცირდება, შესაძლოა ქვეყანამ ყოველთვიურად 80 მილიონი დოლარის ზარალი ნახოს. 

ტურიზმიდან შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება ლარზე უარყოფითად აისახება. "კოვიდ19"-ის დაფიქსირების შემდეგ ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შეფასებისას ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია ეროვნულმა ბანკმა სწორი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნოს. ეკონომიკის სფეროში მომუშავე ანალიტიკოსის თქმით, შესაძლოა რაღაც ეტაპზე ლარმა გაუფასურება დაიწყოს.

ვირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებამ, შესაძლოა ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების შემცირებაზეც მოახდინოს ზეგავლენა. საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს სამშენებლო ბიზნესიც.

თუმცა, ეკონომისტები დღეს საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ თუ ვირუსმა ეპიდემიური სახე არ მიიღო, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესაძლებელია 3 პროცენტის ფარგლებში დარჩეს. 

ვირუსის ფონზე შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და მოლოდინები, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, ამას არც ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში უარყოფენ.

ტურისტულ კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ირანისა და ჩინეთის ხვედრითი წილი შემომსვლელ ტურისტებში შედარებით მცირე იყო, თუმცა თუ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში გაიზარდა, შესაძლოა ტურისტულ კომპანიებს სერიოზული ფინანსური საფრთხე შეექმნათ. 

საქართველოს ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს ირანთან და ჩინეთთან. გამკაცრებულია კონტროლი სახმელეთო საზღვრებზეც. რამდენად ვირუსული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ვირუსით მიყენებული ზარალი, უფრო დეტალურად საქსტატის მიერ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები