24 ნოემბერი 2020,   20:12
ვრცლად
საშუალოზე მაღალი რისკის დონე ევროკავშირში - მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 89 ათასს აჭარბებს

კორონავირუსმა უკვე 60-ზე მეტ სახელმწიფოში შეაღწია. ვირუსის პირველი შემთხვევები დღეს კიდევ 7 სახელმწიფოში გამოვლინდა. მათ შორის, ჩეხეთში, პორტუგალიაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ინდონეზიაში. დაინფიცირებულთა უმეტესობამ იტალიაში იმოგზაურა.

ამ დრომდე ირანში ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ფიქსირდება. 54 გარდაცვლილი და 1000-მდე ინფიცირებული - საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადებულა, თუმცა ირანის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა. დღეს ვირუსს ემსხვერპლა ირანის უმაღლესი ლიდერის აიათოლა ხამენეის მრჩეველი. მედიაში ვარაუდობენ, რომ ირანი კორონავირუსის შესახებ რეალურ სტატისტიკას მალავს.

შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა დონალდ ტრამპს ქვეყნისთვის სანქციების მოხსნის თხოვნით მიმართა.

"დონალდ ტრამპ, ვერ ხვდები, რომ კორონავირუსი საერთაშორისო პრობლემაა? რაც მეტად გავრცელდება ის აქ, მეტად გავრცელდება სხვაგანაც. ნუ დაელოდები მოპატიჟებას, რომ დაგვეხმარო ვირუსის შეკავებაში, მოხსენი ეს დაწყევლილი სანქციები, რომ შევძლოთ მასთან გამკლავება" - განაცხადა ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ვირუსისგან დაღუპულთა სტატისტიკა გაორმაგდა იტალიაში, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 34-ს მიაღწია. ამ დრომდე კარანტინში რჩება 10 ზე მეტი ქალაქი. იტალიაში დროებით დაიხურა "ლა სკალას" ოპერის სახლი. დაინფიცირების გაზრდილი სტატისტიკის გამო პრევენციულ ზომებს იღებს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც. ბრიტანეთის მთავრობა ქალაქების ჩაკეტვას გეგმავს. მუშაობა შეწყვიტა პარიზში ლუვრის მუზეუმმაც.

რეკორდულად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში, სადაც დაავადებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 4 335-ს მიაღწია. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ქვეყნის განათლების სამინისტრომ სკოლებში სასწავლო პროცესი კიდევ 2 კვირით გადადო.

კორონავირუსმა მსოფლიო ლიდერებიც შეაშინა. დღეს გერმანიაში მთავრობის სხდომაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვირუსის გამო ანგელა მერკელს ხელი არ ჩამოართვა. გერმანიაში დაავადებულთა რიცხვმა უკვე 150-ს მიაღწია.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში რისკის დონე საშუალოზე მაღალია.

"დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ რისკის დონემ ევროკავშირში საშუალოდან მაღალზე აიწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას განაგრძობს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპლექსური შემთხვევა, რომელიც ერთის მხრივ სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, მეორეს მხრივ კი, სხვადასხვა დონეზე კოორდინირებულ მუშაობას," - განაცხადა ურსულა დონ დერ ლაიენმა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 89 ათასს აჭარბებს. ვირუსმა 3048 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები