04 დეკემბერი 2020,   22:35
ვრცლად
"ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი ყველანაირად სამართლიანია" - ანრი ოხანაშვილი

ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ახალი მოდელი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პასუხობს - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი ოპოზიციის წევრებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

"უხერხულია, საარჩევნო სისტემის დროს მოლაპარაკებებზე ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ვაჭრობდეს, რომ შეთანხმება არ უნდა მოხდეს თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ვინმე მსჯავრდებულს, რომელიც თვითონაც არ ხდის სადაოდ, რომ მსჯავრდებულია, ვინაიდან არ გაუსაჩივრებია აპელაციის განაჩენი. ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი ყველანაირად არის სამართლიანი, ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოდელი საუკეთესო ვარიანტია.

"რუკა მოიტანონ, 20 სამაჟორიტარო ოლქი როგორ შეიძლება საქართველოში განაწილდეს და მერე მიხვდებით, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი. ამას ჰქვია მიზეზების და საბაბის მოძებნა, რომ რაღაც თქვა განსხვავებული. ამის საფუძველი ერთადერთი არის - პრაქტიკულად უნიკალური მოდელის წარდგენა ჩვენი მხრიდან და იქ დეტალები რადგან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დეტალებზე ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ახალი ინიციატივა მოცემულ ვითარებაში საუკეთესო შეთავაზებაა.

"ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ სიტუაციაში, როდესაც ვხედავ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, მახსენდება ლუი 15-ე, რომელიც ამბობდა, ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო. ანუ, ამათი ინტერესი არის რეალურად ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუმცა ქვეყანას ეს რად დაუჯდება, როგორ იქნება, არ აინტერესებთ," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები