26 ნოემბერი 2020,   20:31
ვრცლად
ყველა ჩვენი ბრიგადა აღჭურვილია შესაბამისად, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისთვის - ავთანდილ თალაკვაძე

"თავიდანვე, როგორც კი ამ ვირუსთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ინფორმირება მოხდა, აბსოლუტურად ყველა საზღვარზე გატარდა საჭირო პრევენციული ღონისძიებები," - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის დირექტორმა ისაუბრა.

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა სამედიცინო ბრიგადა ყველა საჭირო ატრიბუტიკით არის აღჭურვილი. 

"ცალსახად მინდა დავადასტურო, ყველა ჩვენი ბრიგადა აღჭურვილია შესაბამისი აღჭურვილობით, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისთვის," - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის დირექტორმა.

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, დღეს წითელი ხიდიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი გადაიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ვირუსის ნიშნები არ დაუდგინდათ, ორივე მათგანს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

ამასთან, ავთანდილ თალაკვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ გამოუვლინდათ რაიმე რესპირატორული სიმპტომი და არ უმოგზაურიათ რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში, თავად მიმართონ ოჯახის ექიმს. ამ ხერხით, თალაკვაძის თქმით, თავიდან ავირიდებთ სასწრაფო დახმარების გამოძახების გადატვირთვას.  

"რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, თუ არ უმოგზაურიათ რისკზონებში და არ შემოსულან ქვეყანაში, მათ მივმართავ, რომ პირველ რიგში მიმართონ ოჯახის ექიმს. იმ შემთხვევაში თუ ჩაითვალა საჭიროდ, ეს ადამიანები იქნებიან ჰოსპიტალიზებული," - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

დღის ამბები