28 ნოემბერი 2020,   15:47
ვრცლად
ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ელექტრონული ზედამხედველობა ამოქმედდება - ცვლილებებზე პარლამენტი მსჯელობს 

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ელექტრონული ზედამხედველობა ამოქმედდება. 

პირზე, რომლის სახელზეც იქნება შემაკავებელი ორდერი, მოსამართლე იმსჯელებს - არსებობს თუ არა რისკი მორიგი დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, ელექტრონული ზედამხედველობა აწარმოოს.

"მსხვერპლმაც უნდა ატაროს შესაბამისი აპარატურა. ტელეფონის ფორმის აპარატია, ხოლო მეორეს მხრივ, მოძალადესაც აქვს დამაგრებული სამაჯური, თან უნდა ჰქონდეს ტელეფონი. ონლაინ რეჟიმში, ერთი მეტრის სიზუსტით ხდება ლოკაციის დადგენა, როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის. მიახლოების შემთხვევაში,  იგზავნება სიგნალი შესაბამის ცენტრში და იქიდან ხდება კონტროლი, რომ არ დავუშვათ ერთმანეთთან მიახლოება. ეს მექანიზმი იქნება გამოყენებული მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რისკი, განმეორებით მოხდეს ძალადობა და დავიცვათ მსხვერპლის ინტერესები," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთას ხელს შეუწყობს.

"ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ინიციატივებს, მათ შორის კანონის გამკაცრებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შესუსტებას და მომავალში საბოლოოდ აღმოფხვრას," - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები