06 დეკემბერი 2020,   03:10
ვრცლად
საქართველოს შემდეგ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში - 32 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი

ინფიცირებული და სავალდებულო კარანტინში გადაყვანილი 32 ადამიანი - ასეთია მეზობელ სომხეთში კორონავირუსის გამო არსებული მდგომარეობა.

ტესტი 117 პირს ჩაუტარდა, მაგრამ "კოვიდ 19" მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. დაინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ საკარანტინო ზონა ერევნიდან 50 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოეწყო.

სომხეთის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავს. არ განიხილება ასევე საქართველოსთან საზღვრის დაკეტვის საკითხი, რადგან კორონავირუსი ირანიდან დაბრუნებულ სომხეთის მოქალაქეს დაუდგინდა.

განცხადება გაავრცელა პრემიერმაც. ნიკოლ პაშინიანმა პირობა დადო, რომ სომხეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ყველა ზომას გაატარებენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სომხეთს ირანთან ერთი კვირაა საზღვარიც ჩაკეტილი აქვს და საჰაერო მიმოსვლაც შეჩერებული.

რაც შეეხება თავად ირანს "კოვიდ 19"-ის გამო რთული ვითარებაა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ირანია სწორედ ის ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ყველაზე მეტი - 54 ადამიანია დაღუპული. განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს "ბი-ბი-სი". მედიასაშუალების ინფორმაციით, თეირანი ზუსტ მონაცემებს მალავს და რეალურად ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა.

ვირუსის გამო ირანში პანიკაა. ქალაქ ბენდერ-აბასში ადგილობრივმა მოსახლეობამ, იმ საავადმყოფოსთვის, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები გადაიყვანეს, ცეცხლის წაკიდება სცადა.

კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვებს აწესებს ამერიკის შეერთებული შტატები. ყველა ის პირი, ვინც ირანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შტატებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ვაშინგტონში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტის შესახებ დეტალები ცნობილი არაა. ცნობილია ის, რომ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ფატალური შემთხვევის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამერიკელ ხალხს მიმართ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მისივე განცხადებით, ვაქცინის შექმნის თაობაზე, ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს თეთრ სახლში პირადად შეხვდება. 

"არ არის არცერთი მიზეზი პანიკისთვის. ეს არის საკითხი, რომელსაც პროფესიონალები უმკლავდებიან. ჩვენი ქვეყანა მზად არის ნებისმიერი გარემოებებისთვის. ვითარება ასეთია ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 15 ადამიანი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ერთი პაციენტი დაიღუპა,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

"კოვიდ 19"-მა, რომლის ეპიდაფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 58 ქვეყანაში შეაღწია.

58-ვე ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ ათასობით ექიმი და ექთანი იბრძვის. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სინგაპურის მთავრობამ ერთი თვის ხელფასზე უარი თქვა.

სახელფასო ფონდიდან თანხა კორონავირუსზე მომუშავე სინგაპურელ ექიმებს პრემიების სახით დაერიცხებათ.

დღის ამბები