27 იანვარი 2021,   08:31
ვრცლად
კორონავირუსის მესამე შემთხვევა საქართველოში - ლუგარის ლაბორატორიაში 93 გამოკვლევიდან 3 შემთხვევა დადასტურდა

23 წლის მამაკაცი საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებული მესამე ადამიანია. ის გუშინ, წითელი ხიდის გავლით საქართველოში ირანიდან დაბრუნდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 23 წლის მამაკაცი საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ირანის ქალაქ ყუმში იმ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონიტორინგის ქვეშ არიან კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი პირებიც. მათ შორის არის 31 წლის ქალის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც იაშვილის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალს ტემპერატურის მცირე მატება აქვს, მამაკაცებს კი, კლინიკური სიმპტომები არ აქვთ. საავადმყოფოს დირექტორი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სხვა რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით, COVID 19 ხშირად მსუბუქად, ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

საკარანტინო ზონებს 2 დღეში თბილისში ახალი სივრცეც შეემატება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 88 პაციენტზე გათვლილ საკარანტინო ზონას აწყობენ. დღეს საავადმყოფოდან ჯანმთელობის სხვა პრობლემების მქონე პაციენტების სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილება დაიწყეს.

კარანტინის ზონაში რჩებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური ჩარტერული რეისით ჩინეთიდან 1 კვირის წინ ჩამოვიდნენ. 34-დან 3 კარანტინის გავლას სახლში განაგრძობს. კლინიკაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები დეტალურად შეისწავლეს.

ლუგარის ლაბორატორიაში, კორონავირუსზე ეჭვის გამო, 93 გამოკვლევა ჩატარდა. მათგან სამი დადებითი აღმოჩნდა. ორი მათგანი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა, ერთი კი იტალიიდან.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები