24 იანვარი 2021,   17:24
ვრცლად
შენობაში არ იყო გათბობა, საკვები და სამედიცინო პერსონალი - ოპოზიცია ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების ფონზე, ხელისუფლებას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლის საკვანძო საკითხები არაპროფესიონალ ადამიანებს აბარიათ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საკარანტინო ზონაში მოქალაქეებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

"შეშფოთებას იწვევს ის ქაოსი და მოუმზადებლობა, რაც დღეს ძალიან ნათლად გამოჩნდა. შენობაში არ იყო გათბობა, საკვები და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მათ ყურადღებას მიაქცევდა და ისინი იყვნენ სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები, რის თაობაზეც თავად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადება და დაადასტურეს, რომ ეს სამწუხაროდ ასე იყო," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრობლემების არსებობას არ უარყოფს დიმიტრი ხუნდაძე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხარვეზები მართლაც ფიქსირდება, თუმცა ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მათ მოგვარებაზე. დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, კორონავირუსის თემა პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოიყენონ და არ შეუწყონ ხელი პანიკის შექმნას.

"შესაძლოა სადმე მცირედი ხარვეზები იყოს, მაგრამ ზოგჯერ ეს ჭარბი ემოციებით არის გამოწვეული და მე ვხედავ ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობებს. მე ვფიქრობ ეს არის ზეპარტიული და ყველა უნდა შევეცადოთ ყველამ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და დავიცვათ ქვეყანა, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები