26 იანვარი 2021,   10:49
ვრცლად
"ოპოზიციას სჯერა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას" - სამადაშვილი

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე, მათი მოთხოვნების შესრულებამდე კვლავ უარს აცხადებს.  მოთხოვნები კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

"ოპოზიციას სჯერა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება, რომ ერთიანი პოზიციით, ერთიანი ბრძოლით დავამარცხოთ ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით არანაირ ცვლილებებს, რომელიც არ უზრუნველყოფს ერთ რამეს - ქართველი ხალხის არჩევანი აისახოს არჩევნების შედეგში. სწორედ ეს იყო პროპორციული სისტემის მოთხოვნის მიზანი და მიზეზი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის განმარტებით, ხელისუფლებასთან ცალკე მოლაპარაკებებს არცერთი პოლიტიკური ძალა არ გამართავს.

"ქართული ოცნება" ამ ცინიკური გადაგდების შემდეგ ჯინიანობას აგრძელებს საკუთარ მოსახლეობასთან. 100/50-ზე ნიშნავს, რომ თუ 10 ადამიანიდან 3 უჭერს მხარს მათ, მაინც უნდათ მართონ ქვეყანა უმრავლესობით და ეს აუცილებლად გამოიწვევს განგრძობად პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანას ძალიან მძიმე ჩიხში შეიყვანს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არანაირ სეპარატიულ მოლაპარაკებაზე არცერთი პოლიტიკური პარტია არ წავა "ქართულ ოცნებასთან". მათ ოპოზიციამ რამდენიმე გამოსავალი შესთავაზა და უნდა წამოვიდნენ კომპრომისზე, თუკი სურთ, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს," - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ პოლიტიკური ლიდერები და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულები გათავისუფლდებიან.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მისი პარტია ხელისუფლებას ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს.

"სულ რამდენიმე დღე დარჩა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუ ხელისუფლებას უნდა დესტაბილიზაცია, მაშინ არაფერი არ უნდა შეცვალონ. დაველოდებით კიდევ ერთი კვირა და ამის შემდგომ დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას და ამომრჩეველს, "ლელო საქართველოსთვის" ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში გამარჯვების შედეგს დადებს," - აღნიშნა ხაზარაძემ.

დღის ამბები