21 იანვარი 2021,   03:34
ვრცლად
ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს - "დღევანდელი სისტემითაც დავანგრევთ "ოცნებას"

ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. პარტიები ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთ მოწოდებას პასუხობენ და ამბობენ, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პოლიტიკოსების დევნა შეწყდება და საუბრის საგანი პროპორციული სისტემა იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მართველი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და თქვა, რომ შეთავაზება 100/50-ზე ძალაშია და ისინი ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ელოდებიან.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ შეთავაზება არ მოიტანს იმ რეალურ ცვლილებას, რასაც ოპოზიცია ითხოვს.

"ეს ბორგვა გამოწვეულია იმით, რომ ესმით, წააგებენ. ცდილობენ, მაქსიმალური შესაძლებლობა დატოვონ, რომ რაღაცა გააკეთონ. 100/50-ზე ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება აიღოს ხმების მესამედი და მართოს ქვეყანა. ასე არ გამოვა, ამას არავინ დათანხმდება," - აღნიშნა რატიანმა.

შეთავაზება მიუღებელია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიგლა ბარამიძისთვისაც. ის მიიჩნევს, რომ 2024 წლისთვის დანაპირების შესრულებას ოპოზიცია ვერ დაელოდება, რადგან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები "კვირაში ერთხელ ცვლიან საკუთარ პოზიციას":

"2024 წლამდე კიდევ 4 წელია. ამიტომ ეს მიუღებელია და დღეს რეალობა რაც არის, იმაზე ვისაუბროთ. რეალობისთვის რომ ნორმალური ნაბიჯები იქნას გადადგმული, ჩვენ ამის ვარიანტებს ვთავაზობთ, განიხილონ და გვითხრან პასუხი" - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ რთულია, მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდე ძალასთან, რომელიც პოლიტპატიმრების დევნით, საზოგადოებრივი მოღვაწეებისა და ტელევიზიების შევიწროებით არის დაკავებული.

"მოლაპარაკებაზე წავალთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეწყდება პოლიტიკური დევნა როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეების, ასევე ტელევიზიების და განხილვის საგანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რასაც ისინი დაჰპირდნენ მოსახლეობას - პროპორციული საარჩევნო სისტემა," - ამბობს ბეჟაშვილი.

მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე და აღნიშნავს, რომ შეთავაზებული მოდელი 100/50-ზე მათთვის მიუღებელია. 

"არ წამოვლენ კომპრომისზე? - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი სისტემითაც დავანგრევთ "ქართულ ოცნებას" - ამბობს ვაშაძე.

დღის ამბები