21 იანვარი 2021,   03:03
ვრცლად
ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, ის ანადგურებს ევროპულ გზას - ევროპარლამენტარი რეზოლუციის ჩაგდებაზე

საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე შეუთანხმებლობის და საბოლოოდ დოკუმენტის ჩავარდნის გამო ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები არიან. ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩენე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების"ლიდერი ევროპულ გზას ანადგურებს

"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონპროექტი სუსტი იყო, არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე სიტუაციას. ძალიან ბევრ დეპუტატს გვსურდა, რომ ტექსტი ყოფილიყო დაბალანსებული, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაციამ ყველა ჩასწორება დაბლოკა და ეს ყველაფერი იმედს გვიცრუებს. ამდენი ოფიციალური თუ არაოფიციალური განხილვების შემდეგ ვხვდები, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ სიტუაციას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბოლოო განცხადებას, ყველაფერი "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, რომ სიტუაცია გაიაზრონ და საკუთარი შეხედულება შეცვალონ. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა, ის არის პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, სამწუხაროდ ის ანადგურებს ევროპულ გზას, თუმცა "ქართული ოცნების" წევრები არ არიან ევროკავშირის წინააღმდეგი, ამიტომ მათ მოვუწოდებ, ხელახლა დაფიქრდნენ და პარტიაში შიდა განხილვები მოაწყონ," - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ჩააგდეს. ევროპარლამენტარები და "ქართული ოცნება" საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ევროპარლამენტარები ითხოვდნენ შესწორებებს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში მოხვდებოდა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები და სხვა გახმაურებული საკითხები, რასაც ქართული ოცნების წევრები არ დაეთანხმნენ. წესდებით რეზოლუციაზე უნდა იყოს კონსენსუსი, რადგან არსებობდა წინააღმდეგობა, დოკუმენტი საერთოდ ჩავარდა

დღის ამბები