27 იანვარი 2021,   06:55
ვრცლად
13 000 დოლარად გაყიდული ჩვილი - ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

ჩვილის გაყიდვის ბრალდებით დაკავებული დედა, ორი ექიმი და 4 შუამავალი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მათ პატიმრობას ითხოვს.

ახალგაზრდა ქალი, ორ თანმხლებ პირთან ერთად სამშობიარო კლინიკა "ბაიებში" 4 თებერვალს შევიდა, სხვა პირის სახელით და გვარით დარეგისტრირდა და მშობიარობის შემდეგ, საავადმყოფო 72 საათში დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, სქემაში სულ 7 ადამიანი მონაწილეობდა. სწორედ მათ შორის უნდა განაწილებულიყო ბავშვის გაყიდვაში აღებული 13 ათასი დოლარი. ჩვილის შეძენის მსურველი სქემაში მონაწილე იმ ერთ-ერთმა პირმა მოძებნა, რომელიც ანალოგიურ საქმეზე ადრეც იყო ნასამართლევი.

ბრალდებულებს შორის 2 ექიმია. ისინი ბოლოს "ახალ სამშობიარო ცენტრში" მუშაობდნენ. "კურიერთან" საუბარში ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ გამომძიებლები მათთან რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ, მაგრამ რადგან კლინიკა 2018 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, მათთვის საინტერესო პაციენტის დოკუმენტაციაც, შესაბამისად, ვერც იქნებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში სამედიცინო კონსულტაციას სამშობიარო კლინიკა "ბაიებში" გადიოდა. ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ქალმა საკეისრო კვეთა სწორედ მათთან გაიკეთა, თუმცა, პერსონალის ჩართულობას კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში კატეგორიურად უარყოფენ.

სამშობიარო კლინიკის დატოვების შემდეგ ქალი კლინიკასთან ახლოს მდებარე სკვერში ტრეფიკინგის სქემაში ჩართულ პირებს შეხვდა. საქმეზე არსებული ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ბავშვის გაყიდვაში თანხას ორ ნაწილად მიიღებდნენ.

ახალშობილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, რის შემდეგაც ჩვილი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იქნება.

პროკურატურის მიერ საპატიმრო სასჯელის მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებულები სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. უცნობია, რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ ბრალდებულებს, რომლებიც ახალშობილს 13 ათას დოლარად ყიდდნენ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები