27 იანვარი 2021,   02:36
ვრცლად
სასამართლოს გამოყენება ოპოზიციის დევნისთვის - გიგი უგულავას დაპატიმრება სტრასბურგში გასაჩივრდება

დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, გიგი უგულავას დაკავებას დაცვის მხარე უკვე, ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. რა მასალებითა და მტკიცებულებებით გადააგზავნიან საქმეს სტრასბურგში, ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი დეტალი საქმის მოსამართლედ შალვა თადუმაძის დანიშვნა იქნება, რომელიც მანამდე ამავე საქმის ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

სანამ ევროსასამართლო სამართლებრივად შეაფასებს, საქმე უკვე პოლიტიკურად შეფასდა  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

გამოხმაურებებში ნახსენები იყო ისეთი თემები, როგორიცაა კითხვები საქართველოს დემოკრატიაზე და სასამართლოს გამოყენება ოპოზიციის დევნისთვის.  გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოთქვეს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. განცხადებები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საერთაშორისო კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა არც გიგი უგულავას თანაპარტიელებისთვის და არც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებისთვის. პოლიტიკოსებს კითხვები აქვთ საქმის როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ ნაწილზე.

პარტნიორებისგან კრიტიკის გააქტიურებას, ხოლო ხელისუფლებისგან ოპონენტების დაკავებებს აანონსებენ ოპოზიციური პარტიები და პროცესებს წინასაარჩევნო მიზნებს უკავშირებენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დაკავებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი. კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამართალი კომპრომისს ვერ დაუშვებს - "ქართული ოცნების" წევრებს მაგალითად საკუთარი გუნდის ის წევრები მოჰყავთ, რომლებიც საბიუჯეტო დანაშაულების გამო დღესაც სასჯელს იხდიან. უმრავლესობაში აცხადებენ იმასაც, რომ საქმის პროცედურასთან დაკავშირებით ოპოზიცია იტყუება და ამით შეცდომაში შეჰყავს საერთაშორისო პარტნიორებიც.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დედაქალაქის ყოფილი მერი ამჯერად იმავე საქმეზე ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები