27 იანვარი 2021,   07:51
ვრცლად
ვის აწყობს კონსულტაციების ჩაშლა - ოპოზიციისა და უმრავლესობის ურთიერთბრალდებები

ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. შეკრების დრო, ადგილი და მიზანი განსაზღვრულია. მმართველი გუნდის ოპონენტები ტრიბუნიდან გააცნობენ მოსახლეობას სტრატეგიის დეტალებს, რითიც, ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

აქციამდე, ოპოზიციის ლიდერები პიკეტირებას, რეგიონებში ჩასვლასა და კონსულტაციების ფორმატში თემატურ შეხვედრებსაც გეგმავენ. წინააღმდეგობრივი მოქმედების პარალელურად, გრძელდება მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე მსჯელობაც. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს. "ლელო" ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით.

მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს. ხელისუფლება ბრალდებას კონტრბრალდებით პასუხობს და ოპონენტების გადაწყვეტილებას დესტრუქციად აფასებს. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია დიალოგზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ შეთანხმება არ სურს. მათი განმარტებით, თუ მოლაპარაკება არ შედგება, საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება.

პოლიტიკური ოპონენტების ურთიერთბრალდებებისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. სტრატეგიული ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა იმედგაცრუებულია. საელჩო მოუწოდებს მხარეებს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულები. 

სტრატეგიული პარტნიორის განცხადება თავისი პოზიციებისა და არგუმენტების სასარგებლოდ გაიგეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.

პოლიტიკური დიალოგის მონაწილე მხარეებთან შეხვედრა დააანონსა ევროკავშირის ელჩმა. მიზანი, ჩაშლილი მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობების მოძებნაა.

როდის შეხვდებიან პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და შეცვლის თუ არა ეს აუდიენციები მათ გეგმებს, ჯერჯერობით, უცნობია. 

დღის ამბები