21 იანვარი 2021,   02:51
ვრცლად
უნდა იცოდეს ხალხმა, როგორ გამოგვყავს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან - გიგა ბოკერია ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით,  ოპოზიცია მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა.

ამის შესახებ  ბოკერიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში  შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს ის ფუნდამენტური საკითხები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია მოქმედებას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლამდე და მას შემდეგ:

"დემოკრატიული ოპოზიცია წარდგება თავისი კონკრეტული ხედვით, როგორ მოხდება გაგრძელება ბრძოლის იმისთვის, რომ ეს ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა ამ სამარცხვინო ლიდერმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს. ერთი ამოცანა გვაქვს, ამ პოლიტიკური ჭირის მოშორება, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენთაგანს და ამ ქვეყნის მომავალს და მეორე არის ის, რომ უნდა იცოდეს ხალხმა ფუნდამენტურ საკითხებში, როგორ გამოგვყავს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. ერთი საკითხია ანგარიშვალდებულება, კონტროლის მექანიზმები ნებისმიერი ხელისუფლების და მეორე საკითხია მართლმსაჯულება," - განაცხადა ბოკერიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები