27 იანვარი 2021,   08:35
ვრცლად
"ცხადია, კითხვები იქნება და მას პასუხებიც მოჰყვება" - კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ევროპარლამენტარებსაც შეხვდებიან, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან კრიტიკული გზავნილები ჰქონდათ.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.

"მგონია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩამოსვლა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა ფრაქციისა და კომიტეტის წარმომადგენლებთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ რეფორმებზე რომელიც ხორციელდება ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, ასოცირების ხელშეკრულებით ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს აღებული და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვახორციელებთ ამ რეფორმებს. ცხადია, კითხვები იქნება და მას პასუხებიც მოჰყვება. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევეცდებით, სრულყოფილი პასუხები გავცეთ. ძალიან დიდი ყურადღებაა არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდება და როგორი იქნება საარჩევნო გარემო. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიან გარემოში და აუცილებლად იქნება გამჭვირვალე,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება. 

"ჩვენ გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც იმართება საქართველოში, ასევე გვინდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხვალიდან დელეგაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები