24 იანვარი 2021,   16:47
ვრცლად
04.04, 04:00 და 2020 - დაიმახსოვრეთ ყველამ ეს არის თარიღი, ისტორიული პროცესი იწყება - გიორგი ვაშაძე

"ლეიბორისტული პარტიის"  ოფისში  შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ სამომავლო გეგმების შესახებ გააკეთა განცხადება. ცნობილი გახდა, რომ 4 აპრილს დღის 4 საათზე თბილისის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება. როგორც შეხვედრის შემდეგ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია ერთიანია და "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ერთმანეთთან ყოველმხრივ თანამშრომლობას აპირებს

"04.04,  04:00 და 2020 - დაიმახსოვრეთ ყველამ ეს არის თარიღი, როცა მართლაც ისტორიული პროცესი იწყება, როცა ქართულმა ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ მოძებნა საერთო ენა და ეს იქნება მაჟორიტარული კუთხით თუ სხვა კუთხით თანამშრომლობა, აბსოლუტურად ყველაფერს ვიტყვით. საზოგადოებას მოვუწოდებ, მთავარია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

ამერიკის საელჩომაც განაცხადა, რომ დიალოგი დაასრულა "ქართულმა ოცნებამ", არ შეიძლება, როცა დიალოგზე შედიხარ და ესაუბრები, მერე კიდევ ციხეებით ემუქრები ადამიანებს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები