26 იანვარი 2021,   09:48
ვრცლად
მთავრობა არ ასრულებს პირობას, რაც პრობლემის ქვაკუთხედია - ევროპარლამენტის წევრი უგულავას დაკავებაზე 

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის დეპუტატი, მარკეტა გრიგოროვაც აკრიტიკებს. 

ის მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პრობლემების სათავე ის დანაპირებია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ შეასრულა. 

"საქართველოს მთავრობა არ ასრულებს თავის პირობას, რაც მთელი პრობლემის ქვაკუთხედია. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ხალხი გამოვიდოდა გარეთ, არც პროტესტი იქნებოდა და არც მოვლენების ამგვარი განვითარება. მთავრობამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რეფორმებისთვის. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ მარტის რეზოლუციაში საქართველოს საკითხზე. ხვალ კი არის, როგორც ვიცით, საპარლამენტო შეხვედრები. ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და ევროპარლამენტარები, იქნება ფინალური განცხადებაც. ის წავიკითხე და არ მგონია, რომ საკმარისად ძლიერია, თუმცა შევეცდები, მეც მივიღო ამაში მონაწილეობა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების დეტალები არ ვიცი, თუმცა ხელახლა გახსნილი საქმეები, რომელიც ამ სისტემაში მომწიფდა, შეიძლება იყოს პოლიტიკური ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ცუდი. საქართველოს მთავრობა არ უნდა ამბობდეს, რომ ეს პროცესი ნორმალურია. ეს ნამდვილად არ არის ნორმალური და ადეკვატური რეაგირება უნდა ჰქონდეთ," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა მარკეტა გრიგოროვამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელზეც ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარებთან საუბრობს. სტრასბურგში შეხვედრებს კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე მართავენ, მათ შორის იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან კრიტიკული გზავნილები აქვთ. ხვალიდან დელეგაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები