27 იანვარი 2021,   09:04
ვრცლად
თანხების მითვისება მეტრომანით - მოქალაქეები მეტროში მგზავრების გატარებით ფულს ანაღდებენ 

უკვე 2 წელზე მეტია, მეტროსადგურების შესასვლელებთან გაურკვეველი ჯგუფი დგას და ფულის სანაცვლოდ მეტრომანით მგზავრებს ატარებს. თითო პირს რამდენიმე მეტრომანი აქვს. საშეღავათო ბარათებით პირველი მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 20 თეთრი ღირს, მომდევნო 90 წუთი კი უფასოა. ასეთ ბარათებს მგზავრების 41%-ს ფლობს. ირკვევა, რომ შეღავათიანი ბარათების მესაკუთრეთა ნაწილი 90 წუთის განმავლობაში ერთსა და იმავე მეტროსადგურში ათობით მგზავრს ატარებს.

შეღავათიანი ბარათის მფლობელი 14 სხვადასხვა სტატუსის ადამიანია. მათ შორის სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, პოლიტიკური პატიმრები, მასწავლებლები და მოსწავლეები. შეღავათიანი ბარათების თანხას, რომელიც 50 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრის გადახდას გულისხმობს, დედაქალაქის ბიუჯეტი ანაზღაურებს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2017-18 წლებში თბილისის მერიამ სატრანსპორტო კომპანიას 414 ათასი ლარი გადაურიცხა. 

სატრანსპორტო კომპანიაში საშეღავათო ბარათების გარდა, მეტრომანის სისტემაში კიბერშეტევის შემთხვევებზეც საუბრობენ.  

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აუდიტის დასკვნას დეტალურად გაეცნო და ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც  თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში ერთი მეტრომანი 86-ჯერ, მეორე კი 90-წუთიან საშეღავათო პერიოდში 773-ჯერ გატარდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, არის შემთხვევები, როდესაც პირს აღარ ეკუთვნის საშეღავათო ბარათი, მაგრამ გაუმართავი სისტემის გამო ის სარგებლობას აგრძელებს. 

სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და საკითხის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე ფიქრობს საკრებულოს უმრავლესობა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017-18 წლებში გამოვლენილი დარღვევების გამო უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას. მთავარი საგამოძიებო უწყება შპს სატრანსპორტო კომპანიის ცალკეული თანამშრომლების საქმიანობით დაინტერესდა. საქმის ძიება ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად და სამსახურებრივი მდგომარების გამოყენების ფაქტზე, ასევე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები