24 იანვარი 2021,   16:21
ვრცლად
ერთ დღეში გარდაცვლილი 97 ადამიანი - მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ  

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ ისევ მწვანე ზონაშია. ამის ერთ-ერთ მიზეზად, საქართველოში ჩინეთის ელჩი დაავადების პრევენციის მიზნით ორი ქვეყნის თანამშრომლობას ასახელებს.

ამასთან, ლი იანი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან შეზღუდვის ეს ზომა ეპიდემიას ვერ შეაჩერებს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს კი ზიანს მოუტანს. 

ავიამიმოსვლების აკრძალვისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების დაკეტვის წინააღმდეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. თუმცა, ჟენევაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნების მიერ გატარებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო და ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ბრიტანელ მეცნიერებს. ლონდონის დაავადებათა კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევარში მიაღწევს. უცნობია იმ ინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომლებსაც დაავადების სიმპტომები ჯერ არ გამოუვლინდათ. ჩინელი მედიკოსებიც ვარაუდობენ, რომ ახალ ვირუსს გაცილებით დიდი ინკუბაციის პერიოდი - 24 დღე აქვს. ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ვირუსის ეპიცენტრში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა. 

დამაიმედებელი შედეგების ფონზე, ჩინეთში მოქალაქეები ერთთვიანი პაუზის შემდეგ სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან, თუმცა საგანგებო და პრევენციული ზომებით. სამ უდიდეს ქალაქში- გვანჯოუში, პეკინსა და შანხაიში დაკეტილია კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები და ბანკები.

ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით 1 დღეში კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებამ სულ 910 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსს 40 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვითარების შესასწავლად ჩინეთში მიემგზავრება. ხვალ ჟენევაში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ვირუსის მკურნალობის მეთოდებსა და ვაქცინის შექმნაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები