24 იანვარი 2021,   15:32
ვრცლად
ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, პროცესი გასულიყო ზღვარს მიღმა - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სამართლებრივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოში კანონი არ არსებობს და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს შეგნებულად მიიღეს.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით ნებისმიერ ფასად ცდილობს შეინარჩუნოს თანამდებობები, თუმცა ამის უფლებას არ მისცემენ.

"მე არ მახსოვს არც ერთი პერიოდი, როდესაც ადამიანს ერთი და იგივე დანაშაულისათვის ორჯერ ასამართლებდნენ. უსასტიკესი რეჟიმებიც კი იგონებდნენ რაიმე ახალს, რომლითაც ადამიანს მიუსჯიდნენ, ოღონდ განმეორებით ერთი და იგივე სასჯელისთვის არასოდეს აპატიმრებდნენ ერთი და იგივე პიროვნებას.

ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის სამართლებრივი ნორმების ელემენტარული დარღვევა და აბსოლუტური იგნორირება. 

გარდა ამისა ჩემის ღრმა რწმენით, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული აბსოლუტურად შეგნებულად იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იცოდა, ოპოზიციას დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების შედეგად ჰქონდა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული წინადადებები, რომელზეც ხელისუფლების მიერ უარის თქმა იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი.

ხელისუფლება ამ სამართლიანი პროექტის შედეგადაც წააგებდა არჩევნებს იმიტომ, რომ მას არანაირი 50 და 60% მიღების შანსი არ აქვს და ელემენტარულად სამართლიანი სისტემის პირობებში გარანტირებული აქვს წაგება. ამიტომ, ხელისუფლება წავიდა სწორედ დღეს ამ წარმოუდგენელ ნაბიჯზე, რომ ჩაეშალა მოლაპარაკება, მაგრამ ფორმალურად, რომ ჩვენ დაგვბრალებოდა მოლაპარაკების ჩაშლის პროცესი.

არ გამოგივათ ბატონებო. დიახ, ხელისუფლებამ ჩაშალა ეს პროცესი, ხელისუფლებამ თქვა უარი ელემენტარულ დიალოგზე. ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პროცესი კონსტრუქციული დერეფნიდან გადასულიყო მაქსიმალურად ზღვარს მიღმა და ეს ზღვარი თქვენ გადალახეთ.

რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, გარწმუნებთ, რომ აქ მყოფ არც ერთ ადამიანს არავითარი სურვილი არც არასტაბილურობის, არც მოლაპარაკებიდან გასვლის, არც მით უფრო რევოლუციის არ ჰქონდა და არ გვაქვს, უბრალოდ ამას ყოველთვის ირჩევს ხელისუფლება, როცა ყრუვდება, ბრმავდება, როცა საკუთარ ხალხს დასცინის და კანონს ფეხქვეშ თელავს, მაშინ ხელისუფლება აკეთებს არჩევანს: სტაბილურობიდან ადამიანებს უბიძგებს რადიკალური ნაბიჯებისკენ.

ჩვენ მაინც შევეცდებით, გადავდგათ მწვავე, ხელისუფლების დასამარცხებელი ნაბიჯები, მაგრამ ისეთი, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს.

ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს საქართველო ჯიბეში, რომ საქართველო მისი დამცავი გარანტია იყოს. ამას არ დავუშვებთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

დღის ამბები