21 იანვარი 2021,   03:16
ვრცლად
დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის დღიდან, ყოველგვარი მოლაპარაკება წყდება - დავით ბაქრაძე 

პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას, პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

"ბოლო თვეების მანძილზე ძალიან მკაფიოდ ჩანდა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება - ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი საბაბით და ფასით დაეკავებინათ გიგი უგულავა. ის, რაც მოხდა დღეს, რა მიზეზითაც ხდება გიგი უგულავას დაკავება, ნიშნავს იმას, რომ დაწესდა სამარცხვინო პრეცენდენტი და ქვეყანაში აღარ არსებობს აღარცერთი ინსტიტუტი, არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს სამართალი.

დღეს გიგი უგულავას გამოუტანა განაჩენი, უწიგნურმა და უდიპლომო პროკურორმა შალვა თადუმაძემ, რომელმაც როგორც პროკურორმა, საჩივარი გააგზავნა სასამართლოში და როგორც მოსამართლე, დახვდა საკუთარ საჩივარს. 

უზენაეს სასამართლოს იმის ვაჟკაცობაც არ ეყო რომ ბოლო, გამამართლებელი სიტყვის უფლება მაინც მიეცა, ისე მიუსაჯეს ადამიანს 9 წლიანი სასჯელი. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯეს იმ მოსამართლეებმა, რომელთაც იმის პროფესიული სინდისიც არ ეყოთ, რომ ადვოკატისთვის მაინც მიეცათ საუბრის საშუალება,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გიგი უგულავას განაჩენით დაარღვია ზღვარი და ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. 

დღეს სასამართლომ გვითხრა, თუ ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, ნებისმიერ წარსულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, სასჯელი მოხდილი გაქვს თუ არა, ხელახლა მოგისჯით სასჯელს, ხელახლა გაგიშვებთ ციხეში. ეს კანონის იმიტაციაც აღარ არის, ეს არის პირდაპირი უკანონობა, რომელიც დღეს ქვეყანაში განხორციელდა. 

ასეთ პირობებში "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, განაჩენი, რომელიც დღეს დადგა გიგი უგულავას მიმართ,  ეს არის განაჩენი ხელისუფლების. ხელისუფლებამ დღეს გადალახა ის ზღვარი, რომლის უკანაც პროცესები ვეღარ შემობრუნდება. მათ გადალახეს ის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყანაში აღარ არსებობს ნორმალური პოლიტიკა და მოლაპარაკება. 

ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გაახმოვანა ბატონმა შალვამ - დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის დღიდან, წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება. 

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გიგისთან ერთად, ვინც არის ამ ხელისუფლების მსხვერპლი, ქვეყანაში დავასრულებთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები