21 იანვარი 2021,   03:28
ვრცლად
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია საკუთარი ინიციატივის განახლებულ ვარიანტს წარადგენს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია საკუთარი ვერსიის განახლებულ ვარიანტს მიიტანს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი ვერსია პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებულია. გიგლა ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ახალ შეთავაზებას სამართლებრივ წუნს ვერ მოუძებნიან.

იმ არგუმენტით, რომ ოპოზიციის ახალი შეთავაზება დამუშავების პროცესშია, დეტალებზე არც "ნაციონალურ მოძრაობაში" საუბრობენ.

თუმცა, იქაც ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებში, მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ ხელისუფლების შეთავაზება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, მთავარი მიზანი პროპორციული ან მასთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემაა.

ოპოზიციისთვის მთავარი ფორმულა "ევროპულ საქართველოში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მთავარი არა ციფრები, არამედ მანდატების გადანაწილების პრინციპია.

პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ დაბალ რეიტინგულ პარტიას მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა თეორიულადაც არ ჰქონდეს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაადასტურეს, თუმცა ახალი შეთავაზების არსებობა არა, პოლიტიკურ მოძრაობაში "ლელო". როგორც ხაზარაძის პარტიაში აღნიშნავენ, შეთანხმებული ვერსია დიდი ხანია მოლაპარაკების მაგიდაზე დევს.

მმართველი გუნდი კი პასუხს ოპოზიციისგან ელოდება. ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ოპონენტებისთვის, უკიდურესი კომპრომისია "ქართული ოცნებისთვის". უმრავლესობა პოზიციების დათმობას არ აპირებს.

მოლოდინისა და პროცესის გაჭიანურებაში ერთმანეთის დადანაშაულების ფონზე, ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზადყოფნას გამოთქვამენ. თუმცა, პოლიტიკური დიალოგის მეხუთე და სავარაუდოდ საბოლოო რაუნდის თარიღი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები