26 იანვარი 2021,   10:10
ვრცლად
ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო აღებული ვალდებულებების, წამოწყებების და შესრულების ერთგული იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარებისადმი მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში – ეს ის რამდენიმე საკვანძო საკითხია, რომელიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოყვანილი.  

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად. მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა.

ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, არჩევნების წინ თავისუფალი მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა.

ევროკავშირის ანგარიში დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა. 

"ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის წარმოადგენს მთავარ პარტნიორს რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ურყევი სურვილი და ნებაა, გაატაროს ყველა რეფორმა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ასევე რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს იმ რეფორმების ეფექტურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

დღის ამბები